გაერო-ში საქართველოს ყოფილი ელჩის ალექსანდრე ლომაიას განცხადებით, "ამერიკელი ექსპერტის დასკვნით, "თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეოები ქართული წარმოშობისაა".
ამის შესახებ ლომაია "facebook" საკუთარ გვერდზე წერს.
"თალიბანის ვიდეობის" ქართული წარმოშობის კიდევ ერთი მტკიცებულება. ქვემოთ იხილეთ ერთი ამერიკელი ექსპერტის დასკვნა "თალიბანის ვიდეობის" ავთენტურობაზე. ექსპერტის ვინაობა ჩემთვის ცნობილია, თუმცა არ მაქვს მისი გამხელის უფლება. მას თალიბანის პროპაგანდის ანალიზის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. "თალიბანის ვიდეოები საქართველოს შესახებ" მან კერძო ელექტრონულ წერილში გაანალიზა, რომლის ფრაგმენტსაც გთავაზობთ - თარგმანსა და ორიგინალს’’, - წერს ლომაია და ‘’ფეისბუქის’’ საკუთარ გვერდზე ექსპერტის დასკვნის ქართულ და ინგლისურ ვერსიებს აქვეყნებს.
"წლების განავლობაში, რაც "თალიბანის" ვიდეორგოლებს ვადევნებ თვალყურს, არასოდეს მინახავს რაიმე მსგავსი. ჩემი აზრით, საქმე გვაქვს სიყალბესთან, რომელიც ქართული ვიდეორგოლების შეკოწიწებითაა მიღებული. "თალიბანის" სტუდია "ლაბიკს" კარგად აღჭურვილი სტუდიები აქვთ პაკისტანში და ხელი მიუწვდება გარკვეულ გრაფიკასა და ვიდეომასალებთან. გარდა ამისა, მათ მიერ დამზადებული ვიდეორგოლები თითქმის ყოველთვის პუშტუნურ ენაზე მზადდება, ან არაბულად, თუ მას არაბები ამზადებენ. "ლაბიკის" ლოგო ამ ვიდეორგოლს არ აქვს, მხოლოდ რაღაც მცირე არაბული ლოგო დასაწყისში, რომელიც ალაჰს ეძღვნება და რომელიც თითქოს ვიდეოს დამზადების შემდეგ არის დამატებული. ეს ძალიან უცნაურია, ვინაიდან ალაჰისადმი მიძღვნა ჩვეულებრივ უფრო ვრცელი უნდა იყოს და მას ყურანის კონკრეტული სურის ციტირება უნდა მოყვებოდეს. საღი აზრი მაფიქრებინებს, რომ "თალიბანი" ამდენ ენერგიას არ დაახარჯავდა საქართველოს მცირერიცხოვან კონტინგენტს, რომელმაც ავღანეთი ისედაც ერთ წელიწადში უნდა დატოვოს. ჩემი აზრით, ეს არის სიყალბე, რაშიც განსაკუთრებით მარწმუნებს მოკლული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ამსახველი კადრები, რომლებშიც სპეციალური ეფექტის მქონე ტყვიებს ადგილი აქვს შეცვლილი", - ნათქვამია ამერიკელი ექსპერტის დასკვნაში, რომელსაც ალექსანდრე ლომაია აქვეყნებს.