EBRD-ის პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს, ნოდარ ხადურსა და გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა

EBRD-ის პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს, ნოდარ ხადურსა და გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა

საქართველოში სამდღიანი ვიზიტით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი იმყოფება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ჩაკრაბარტის შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ფინანსთა მინისტრი, EBRD-ში საქართველოს მმართველი ნოდარ ხადური და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. შეხვედრებზე საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

"EBRD-ის პრეზიდენტთან ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა. ვისაუბრეთ საქართველოს ახალი მთავრობის ხედვაზე ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით. სტუმრებს გავაცანი ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა ქვეყანაში, განსაკუთრებით ეკონომიკურ სექტორში. განვიხილეთ სამომავლო გეგმები. მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო EBRD-ის პრეზიდენტს იმ ინვესტიციებისთვის, რომელიც ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში განხორციელდა. ჩვენ მომავალში კიდევ უფრო კარგ პირობებს შევქმნით, რათა ასეთი წარმომადგენლობითი ბანკის ინვესტიციები საქართველოში კიდევ უფრო გაიზარდოს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.

EBRD-ის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

"EBRD არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი და ინვესტორი, ამდენად, მნიშვნელოვანია, ბანკმა გააგრძელოს საქართველოსთან თანამშრომლობა. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ სტამბულში გაიმართა EBRD-ის წლიური შეხვედრა, სადაც განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები და მომავალი წლიური შეხვედრებისთვის ერთ-ერთ კანდიდატად საქართველო სახელდება. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს 2-3 წელიწადში შევძლებთ EBღD-ის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებას," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
პრემიერ-მინისტრს დელეგაციის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.

"EBRD-ს ძალიან მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს საქართველოსთან. ბანკი კვლავ გააგრძელებს ინვესტირებას საქართველოში, რაც იქნება იმის დასტური, რომ გვჯერა საქართველოს განვითარების. პრემიერ-მინისტრმა გაგვაცნო ის პრიორიტეტები, რომლის განხორციელებასაც ქვეყნის მთავრობა უახლოეს წლებში გეგმავს. ეს არის ფინანსური სექტორის დახმარება, საშუალო და მცირე ბიზნესის, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურული და ენერგოპროექტების მხარდაჭერა. პრემიერ-მინისტრი მუშაობს, რათა გაუმჯობესდეს საინვესტიციო გარემო და ხელი შეეწყოს ინვესტორებს. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, როგორც უცხოელი ინვესტორისთვის, არამედ ადგილობრივი ინვესტორებისთვისაც. თქვენს ქვეყანას ეკონომიკური განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მთლიანად რეგიონის განვითარების თვალსაზრისითაც," - განაცხადა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.

სერ სუმა ჩაკრაბარტი EBRD- ის მეექვსე პრეზიდენტია და მოვალეობას 2012 წლის ივლისიდან ასრულებს.
საქართველო EBRD-ში 1992 წელს გაწევრიანდა. ბანკი ქვეყნის მნიშვნელოვანი პარტნიორია, როგორც ფინანსური თანამშრომლობის კუთხით, ასევე ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავების და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის კონტექსტში.

EBRD-ს საქართველოში დაფინანსებული აქვს 150-მდე პროექტი დაახლოებით 1.8 მილიარდი ევროს ოდენობით, საიდანაც დაფინანსების 81% კერძო სექტორზე მოდის.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსება მოიცავს საბანკო და ფინანსურ სექტორებს, ენერგეტიკას, ჰიდროენერგეტიკას, ასევე საწარმოების მხარდაჭერას აგრობიზნესსა და მრეწველობაში.