სპეციალურად გლდანის პროფესიული კოლეჯისათვის პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა.
"პროფესიული განათლების შესახებ" კანონში შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც, "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი" კანონის ფარგლებში მოექცა. მის მიერ გახორციელებული პროგრამები ავტორიზებულ პროგრამებად ჩაითვალა. ასევე კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულებად ჩაითვალნენ 2012 წელს მიღებული პირები.
კერძოდ, აღნიშნულ კანონს დაემატება მუხლი, რომელშიც ნათქვამია: საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი კოლეჯის "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის" მიერ განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ჩაითვალოს ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ პროგრამებად. ამ პროგრამებზე 2012 წელს მიღებული პირები ჩაითვალონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულებად. მათ უფლება მიეცეთ, იმავე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლა გააგრძელონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - საზოგადოებრივ კოლეჯ "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში" ან სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და, მათთვის მინიჭებული კვალიფიკაცია გაუთანაბრდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ კვალიფიკაციას.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, სათანადო ღონისძიებების განხორციელება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა.
გლდანის პროფესიული მომზადების კოლეჯთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით პარლამენტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჯერ კიდევ თებერვალში მიმართა.
გლდანის პროფესიული გადამზადების კოლეჯში გუშინ პრეზიდენტი იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ კოლეჯმა საქმიანობა შეაჩერა.