"ნაციონალური მოძრაობა": ევროპელი პოლიტიკოსები მერაბიშვილის საქმეს პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ევროპარლამენტის მაღალი რანგის დელეგაციის მიერ ვანო მერაბიშვილის ციხეში მონახულების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, წინასწარ პატიმრობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ევროპარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის დელეგაციამ მოინახულა, თავმჯდომარის, არნო დანჟანის ხელმძღვანელობით. როგორც პარტიაში აღნიშნავენ, გასული კვირის პარასკევს, ვანო მერაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე.

როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, პარტიის გენერალური მდივნის წინასწარი პატიმრობის საკითხის მიმართ წამყვანი ევროპელი პოლიტიკოსების მაღალი ინტერესი ამ საქმის მათ მიერ სწორედ პოლიტიკურ კონტექსტში განხილვას ადასტურებს.

"დელეგაციის თავმჯდომარის არნო დანჟანის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის საფუძველი და საჭიროება არ არსებობს. "ნაციონალური მოძრაობა" მადლობას უხდის ევროპარლამენტის დელეგაციას და ევროკომისარ ფულეს გამოჩენილი ყურადღებისათვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ნაციონალური მოძრობა" იმედს გამოთქვამს, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად და კონკურენტულად ჩატარების შესახებ აღებული ვალდებულება რეალურ შედეგს გამოიღებს.

"ამისათვის აუცილებელია შეწყდეს ამ და სხვა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში წინასწარი პატიმრობის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება ხოლო ეჭვმიტანილების წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება რისი აუცილებლობაც ევროპელი პარლამენტარების აზრით არ არსებობს", - მიიჩნევენ "ნაციონალურ მოძრაობაში".