თამარ სანიკიძე:  გლდანის პროფესიული გადამზადების კოლეჯი ავტორიზაციას გაივლის

თამარ სანიკიძე: გლდანის პროფესიული გადამზადების კოლეჯი ავტორიზაციას გაივლის

გლდანის პროფესიული გადამზადების კოლეჯი ავტორიზაციას გაივლის და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ სანიკიძემ განუცხადა.

სანიკიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გლდანის პროფესიული გადამზადების კოლეჯთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კოლეჯი უკვე რამდენიმე თვეა არ მუშაობს.

განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის თქმით, კოლეჯი არ გაჩერებულა იმ სიძნელეების მიუხედავად, რომელიც სასწავლებელთან დაკავშირებით სამინისტროს შეექმნა.
თამარ სანიკიძემ აღნიშნა, რომ კოლეჯი ავტორიზაციას ვერ გადიოდა, რადგანაც ინფრასტრუქტურული პრობლემები ქონდა. კერძოდ, სასწავლებელი იმ მიწაზე აშენდა, რომელიც კომპანია "ვისოლს" ეკუთვნოდა.

"სამინისტროში მოსვლის პირველივე დღეებიდან ვცდილობდით კანონის საშუალებით ეს დაგვერეგულირებინა. კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით, "ვისოლისთვის" გამოიძებნა სანაცვლო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული საკითხი უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომაზე გავა და კოლეჯს არსებული მიწის ნაკვეთი დაუმტკიცდება, რის შემდეგაც, სასწავლებელი ავტორიზაციის გავლას შეძლებს. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი სექტემბრამდე დასრულდება", - დასძინა თამარ სანიკიძემ.

მისივე თქმით, გლდანის პროფესიული გადამზადების კოლეჯის მშენებლობის ნებართვა არ არსებობდა, შენობა დაუმთავრებელი იყო და ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა, თუმცა იქ სწავლა მიმდინარეობდა.

სანიკიძემ განმარტა, რომ ამ სიძნელეების მიუხედავად, მათ შეძლეს სწავლის პროცესი არ ჩაშლილიყო და სტუდენტებზე ლეგალური სახელმწიფო დიპლომები გაცემულიყო, რათა მათ კარიერულ წინსვლაში პრობლემები არ შექმნოდათ.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ გლდანის პროფესიული გადამზადების კოლიჯში იმყოფებოდა.

"არავის ჯინაზე არაფერი უნდა გააჩერო, რადგან ამ დროს ქვეყანა ჩერდება და დაპაუზებულ მდგომარეობაში გადადის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გლდანის პროფესიული გადამზადების კოლეჯის მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, კოლეჯი უკვე რამდენიმე თვეა არ მუშაობს.

"მინდა მივმართო მთავრობას, რომ არავის ჯინაზე არაფერი უნდა გააჩერო, რადგან ამ დროს ქვეყანა ჩერდება და დაპაუზებულ მდგომარეობაშია. ეს განათლების სისტემა 12 000 სტუდენტზეა გათვლილი. ძალიან ბევრი პროფესიონალი პედაგოგია. მათი უმეტესობა ხელფასებს იღებს, მაგრამ თუ არ იმუშავა მხოლოდ ხელფასები საკმარისი არ არის. ეს 12 000 სტუდენტი მუდმივად, რომ სწავლობდეს საქართველოში, ჩვენ რამდენიმე წელიწადში მივიღებთ ასობით ათას ადამიანს, ვისაც ექნება პროფესია. პრაქტიკულად, ამ სისტემაში არის სერიოზული პრობლემები. უმუშევრობამ მოიმატა 50 000 ადამიანით და ეს რიცხვი იზრდება. თუნდაც ეს კოლეჯი რომ არის გაჩერებული, არის უმუშევრობის ერთ-ერთი მიზეზი", - განაცხადა სააკაშვილმა.