თინა ხიდაშელი:  ვაშინგტონში შეხვედრებზე ვანო მერაბიშვილის ან რომელიმე კონკრეტული პირის გვარი ნახსენები არ ყოფილა

თინა ხიდაშელი: ვაშინგტონში შეხვედრებზე ვანო მერაბიშვილის ან რომელიმე კონკრეტული პირის გვარი ნახსენები არ ყოფილა

ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს დელეგაციის წევრებმა ორგანიზაცია The Heritage Foundation-ში გამართულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრას ამერიკელი ექსპერტები და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისინი საქართველოში არჩევნების შემდგომ შექმნილი ვითარებით, ახალი ხელისუფლების გეგმებით და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური საკითხებით დაინტერესდნენ.

შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, პარლამენტის წევრები თინა ხიდაშელი, ირაკლი ჩიქოვანი, თედო ჯაფარიძე და დავით ონოფრიშვილი ესწრებოდნენ.

თინა ხიდაშელის განცხადებით, შეხვედრაზე ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გამახვილდა ყურადღება.

"ფაქტობრივად, დაისვა ყველა კითხვა, რაც დღეს შეიძლება ისმოდეს ვაშინგტონში. მე პირადად ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, იმიტომ, რომ თუკი იმ ადამიანებისგან, რომლებიც პოლიტიკური კონიუქტურისგან თავისუფალნი არიან, ასეთი პოზიტიური და ოპტიმისტური განწყობა მოდის, დარწმუნებული ვარ, რომ შეხვედრების მეორე ეტაპზე, რომელსაც ჩვენ დავიწყებთ სენატორებთან და კონგრესმენეთან, ასეთივე პოზიტიური სიგნალები იქნება.

ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ ვაშინგტონში. ზუსტად იცოდნენ იმ თემების შესახებ, რაც საქართველოში მნიშვნელოვანია და იმ პროცესების შესახე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. განსაკუთრებული აქცენტი მათი მხრიდან გაკეთდა იმ პოზიტიურ პროცესებზე, რაც სასამართლო სისტემაში რეფორმას და საპარლამენტო ცხოვრებას ეხება, - განაცხდა თინა ხიდაშელმა Heritage Foundation-ში გამართული შეხვედრის შემდეგ.

პარლამენტარის ინფორმაციით, ვაშინგტონში გამართული შეხვედრების დროს საუბარი არ ყოფილა ე.წ. გახმაურებულ დაკავებებზე.

"სიმართლე გითხრათ მე პირადად გაკვირვებული ვარ, იმიტომ, რომ არც ერთ შეხვედრაზე არ ყოფილა ნახსენები არც ერთი გვარი და სახელი, არც ვანო მერაბიშვილის და არც რომელიმე კონკრეტული პირის. ვაშინგტონში, როგორც ჩანს, გაცილებით უკეთ იცნობენ სიტუაციას და ეს ყოველთვის ასეა, მათ შორის იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგი ამერიკის ელჩი გვყავს საქართველოში, რომელიც დაინტერესებულია, ჩახედულია და ფლობს ინფორმაცას. ამიტომ ესეთი კითხვები, რომ: რატომ არიან დაკავებული; რატომ ხდება დაკავება და ა.შ არ ყოფილა. ისინი უფრო დაინტერესდნენ იმ გამოწვევებით, რაც ქვეყანას აქვს მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში და რა პოლიტიკა და სტრატეგია გვაქვს არჩეული პრობლემების მოგვარებისათვის", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ამერიკაში საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი 16 ივლისს დაიწყო და რამდენიმე დღეს გასტანს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ ამერიკის კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტში, ასევე ადგილობრივი მედიისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.