მაია ფანჯიკიძე:  ყველა კონგრესმენსა თუ სენატორს, ვისაც ვხვდებით, საქართველოში არჩევნებზე დასაკვირვებლად ვეპატიჟებით

მაია ფანჯიკიძე: ყველა კონგრესმენსა თუ სენატორს, ვისაც ვხვდებით, საქართველოში არჩევნებზე დასაკვირვებლად ვეპატიჟებით

ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს, საქართველოს დელეგაციის წევრებმა საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის ხელმძღვანელობით, შეხვედრები გამართეს სენატორებთან კრისტოფერ მერფისთან და ჯინ შაჰინთან. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა და პარლამენტის წევრებმა სენატორებს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სენატორ შაჰინთან შეხედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპრეზიდენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო გარემოზე.

"სენატორი შაჰინი საქართველოს დიდი მეგობარია, ის ბევრჯერ არის ნამყოფი საქართველოში და ჩვენც, აქ ჩამოსვლისას არ ვტოვებთ შესაძლებლობას, რომ მას შევხვდეთ. აღნიშნულ შეხვედრაზე მას მივაწოდეთ ინფორმაცია, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. იგი კარგად არის ინფორმირებული. შევეხეთ საპრეზიდენტო არჩევნებს, რადგან სენატორთან შეხვედრა სწორედ ერთი თვის წინ მქონდა და ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რაც მას შემდეგ ქვეყანაში მოხდა სწორედ, საპრეზიდენტო არჩევნების საკითხია. ყველა კონგრესმენსა თუ სენატორს, ვისაც ვიზიტის ფარგლებში ვხვდებით, ვეპატიჟებით საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით და დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე მათგანი შეძლებს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისივე ინფორმაციით, სენატორი შაჰინი დაინტერესდა მართლმსაჯულების სფეროსა და მათ შორის, პენიტენციალურ სისტემაში

არსებული მდგომარეობით, რაზეც მას მთავარმა პროკურორმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ამერიკა საქართველოს დიდი მეგობარია "იქაც კი, სადაც ჩნდება კითხვები, იგრძნობა და ჩანს მათი დამოკიდებულება და სურვილი, რომ საქართველო იყოს საუკეთესო. ჩვენ აქ ჩამოვედით იმიტომ, რომ ვისაუბროთ პირველ რიგში ყველა იმ საკითხზე, რაც აინტერესებთ ვაშინგტონში, ასევე 2014 წელზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, მოგეხსენებათ წინ არის ნატო-ს, ვილნიუსის სამიტი და ამ პროცესში ამერიკის მხარდაჭრა მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც ეუთო-ს მისიის აღდგენის საკითხში. ამიტომ ჩვენი პარტნიორების ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ საშინაო დავალებას ვასრულებთ წარმატებით და ახლა ჯერი, მათზე და საერთაშორისო საზოგადოებაზეა, - განაცხდა თინა ხიდაშელმა.

აშშ-ში, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი 16 ივლისს დაიწყო და რამდენიმე დღეს გასტანს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ ამერიკის კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტში, ასევე ადგილობრივი მედიისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.