შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის გაფართოებული პროგრამის პირველადი შედეგები შეაჯამა.
როგორც დავით სერგეენკომ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 17 ივლისის მონაცემებით, სოციალური მომსახურების სააგენტოში საყოველთაო ჯადაცვის პროგრამით გეგმიური ოპერაციების დასაფინანსებლად 4214 განაცხადი დარეგისტრირდა. მისივე ინფორმაციით, 1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 407 მშობიარობა, აქედან 249 ფიზიოლოგიური, ხოლო 158 საკეისრო კვეთა.
დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ქიმიოთერაპია - სხივური- ჰორმონოთერაპიის კუთხით სააგენტოში დარეგისტრირდა 257 განაცხადი, საიდანაც ამ ეტაპზე 127 დაკმაყოფილდა.
მინისტრმა დეტალურად ისაუბრა გეგმიური სერვისების მიწოდებაში დაცდის პერიოდის კუთხით. მისი ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი კერძო სადაზღვევო კომპანიების დაცდის პერიოდი სერვისების მისაღებად 4-დან 6 თვეს შეადგენს. საერთაშორისო გამოცდილებით, დაცდის პერიოდი, სამ თვემდეა განსაზღვრული, ხოლო ქართული საყოვეთაო ჯანდაცვის პროგრამით აღნიშნული პერიოდი მაქსიმუმ ორ თევს მოიცავს.
მინისტრის ინფორმაციით, დაცდის პერიოდი პრიორიტეტულობით განისაზღვრება და მოცდის მინიმალურ ვადას სწორედ პრიორიტეტები განსაზღვრავს.
როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, ონკოლოგია, კარდიოქირურგიაში უწყება ცდილობს, რომ დაცდის პერიოდმა ორი კვირა შეადგინოს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამისდა მიუხედავად, გადაუდებელი მდგომარეობები სახელმწიფოს მხრიდან დაუყოვნებლივ 100%-ით დაფინანსებას ექვემდებარება.