დევიდ ბოუის კომპოზიციები მიუზიკლში აჟღერდება

დევიდ ბოუის კომპოზიციები მიუზიკლში აჟღერდება

რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ცნობილი მომღერლის დევიდ ბოუის რამდენიმე კომპოზიცია ახალ მიუზიკლში აჟღერდება.

 

ამ სპექტაკლის სახელწოდებაა “Heroes: The Musical”. მის დადგმას რეჟისორი დიპ სინგი განახორციელებს. მიუზიკლის პრემიერა 2012 წლის მარტისთვისაა დაგეგმილი.

 

“როდესაც დევიდ ბოუიმ საკუთარი კომპოზიციების გამოყენების ნებართვა დაგვრთო ძალიან გაგვიხარდა და ეს ერთგვარი სიურპრიზიც აღმოჩნდა. მუსიკოსის წარმომადგენლებთან რამდენიმე თვის წინ საუბარი უკვე გვქონდა და ვიცოდით, რომ ის ამ სახის თხოვნებს ყოველთვის უარით პასუხობდა.”. – განაცხადა დიპ სინგმა.

 

საინტერესოა რომ ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც ბოუის სიმღერების მიუზიკლში გამოყენება სურთ. 1976 წელს მსოფლიო კინოეკრანებზე გამოვიდა ფანტასტიკური სურათი “ადამიანი რომელიც დედამიწაზე ჩამოვარდა”. მომღერალმა მასში უცხოპლანეტელის როლი შეასრულა.

 

2008 წელს ამ სურათის მოტივებზე მიუზიკლის დადგმა სურდათ და მასში ბოუის სიმღერები უნდა შესულიყო. სამწუხაროდ ეს პროექტი ვერ განხორციელდა.