განათლების სამინისტრომ პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგია შეიმუშავა

განათლების სამინისტრომ პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგია შეიმუშავა

განათლების სამინისტრომ 2013-2020 წლების პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგიის განხილვა დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს, რომელშიც განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თამარ სანიკიძე მონაწილეობს. 

როგორც კონფერენციაზე თამარ სანიკიძემ განაცხადა, პროფესიული განათლების რეფორის შესახებ სტრატეგია დღევანდელი განხილვით უკვე სცდება კომისიებსა და ჯგუფებში მუშაობის წრეს და ფართო საზოგადოების წინაშე გამოდის.

კონფერენციაზე ითქვა, რომ სტრატეგიის ზოგადი მიზანია ადამიანური რესურსების განვითარება ქვეყნის მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მოქნილი პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც კონკურენტუნარიან კადრებს შექმნის. სტრატეგიის წარდგენის დროს აღინიშნა, რომ პროფესიული განათლება მიმზიდველი უნდა გახდეს დაინტერესებული პირებისათვის და რეალურ საგანმანათლებლო ალტერნატივას უნდა წარმოადგენდეს.

კონფერენციაზე წარადგინეს ასევე მოხსენება პროფესიული განათლების სისტემაში კერძო სექტორის ჩართულობის სტრატეგიის შესახებ. როგორც კონფერენციაზე ითქვა, ამ მიზნით საქართველოში მოქმედ 12 000 ბიზნეს კომპანიას გადაეგზავნა კითხვარები, თუმცა მხოლოდ 200 კომპანიამ უპასუხა კითხვარებს, სადაც ამ კომპანიებში 10 000-მდე ადამიანია დასაქმებული.

გამოკითხვამ გამოავლინა პროფესიული განათლების მართვის სფეროში კერძო სექტორის ჩართულობის ძალიან დაბალი დონე, კერძოდ, ის შეადგენს 1-დან 5%-მდე სხვადასხვა სექტორების მიხედვით.

პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგია შემუშავდა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში. კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისია საქართველოში.

სტრატეგიის განხილვას ესწრებოდნენ პროფესიული განათლების სფეროში მოქმედი სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურები საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფკავშირების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამსაქმებლები.