ლევან ვეფხვაძე:

ლევან ვეფხვაძე: "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ერთმანეთს გაურიგდა

"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების ჩაშლის "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაზე" გადაბრალება, არის მცდელობა, ის გარიგება დაფარონ, რაც სახეზეა "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის.

ვეფხვაძე "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" მიერ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან მოლაპარაკებისას "დაშვებულ შეცდომებზე" ესაუბრა.

"განცხადება თითქოს "ქრისტიან-დემოკრატებმა" და ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიულმა მოძრაობამ" რაღაცას ხელი არ მოაწერეს და ამის გამო არ ხდება კანონპროექტის ინიცირება, სიცრუეა. პროცესის დასაწყისში ჩვენ ვთავაზობდით ინტერფრაქციული ფორმატის ნაცვლად, მოლაპარაკებების პროცესი ინტერპარტიულ ფორმატში წარმართულიყო, რაც "ქართული ოცნების" მიერ იქნა უარყოფილი. ამიტომ გაუგებარია მსგავსი უვიცობა იურისტის მხრიდან, რომელმაც ის მაინც უნდა იცოდეს, რომ ამ დოკუმენტს ინიცირებისთვის ხელი უნდა მოაწერონ პარლამენტის წევრებმა და არა პოლიტიკურმა პარტიებმა. თუკი ჩვენ მიგვიწვიეს სათათბირო ხმის უფლებით, რაც წერია ინტერფრაქციული ჯგუფის რეგლამენტში, ჩვენ მოსაზრებების გამოთქმის გარდა, არც არაფრის უფლება არ გვქონდა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ვეფხვაძემ.

გარდა ამისა, ვეფხვაძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტეს შეინარჩუნონ ის მონოპოლია, რაც მათ აქვთ საარჩევნო ადმინისტრაციაში. კერძოდ ის, რომ კომისიის შვიდი პარტიული წევრიდან 6 ნიშნავს კოალიცია, ერთს - "ნაციონალური მოძრაობა".

"დაფინანსების პროპორციული ზრდა ქმნიდა იმ შესაძლებლობას, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციას "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობის" სახით აღედგინა კომისიის წევრი. ამიტომაც მოიგონეს ახალი კომპონენტი და საპარლამენტო პარტიებმა გადაწყვიტეს, საერთო ზრდის გარდა, დამატებით ბიუჯეტიდან გადაენაწილებინათ 2,1 მილიონი ლარი - პარტიაზე 300 ათასი ლარი და ამას დაარქვეს ე.წ. ბონუს დაფინანსება. ანუ ბიუჯეტიდან ფული იხარჯებოდა იმაზე, რომ ერთი მხრივ, "ნაციონალურ მოძრაობას" შეენარჩუნებინა უმრავლესობა საარჩევნო ადმინისტრაციებში, ხოლო მეორე მხრივ - კოალიციის, ერთი სუბიექტის ექვსივე პარტია იყვნენ წარმოდგენილნი კომისიაში. ამიტომ მოლაპარაკების ჩაშლის გადაბრალება "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაზე" არის მცდელობა დაფარონ ის გარიგება რაც სახეზეა "ნაციონალ-მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის და იმ შეცდომების შედეგი, რასაც "ქართული ოცნება" უშვებდა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან მოლაპარაკებისას" , - აცხადებს ვეფხვაძე.

ცნობისთვის, გუშინ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა არ გამორიცხა, რომ ძალაში პარტიების დაფინანსების სადღეისოდ მოქმედი წესი დარჩეს.

"პარლამენტს გარეთ დარჩენილმა ორმა პარტიამ - "ქრისტიან-დემოკრატებმა" და "დემოკრატიულმა მოძრაობამ", ასევე კოალიციაში შემავალი "მწვანეთა პარტიის" ლიდერმა დეპუტატმა გიორგი გაჩეჩილაძემ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ცვლილებები გააპროტესტეს. შესაბამისად, არ არის სრული თანხმობა არც პარლამენტს გარეთ და არც პარლამენტს შიგნით. რაკი სრული შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, ამის გამო შესაძლოა დაფინანსების გაზრდა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე შეჩერდეს და ეს ადგილობრივ არჩევნებს მიებას. არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომ ამ სამი პარტიის განსხვავებული პოზიციის გამო, დანარჩენი 20 პარტიის პოზიცია არ იყოს შეფერხებული და დაფინანსების ზრდის თაობაზე ცვლილებები მივიღოთ" - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.