უჩა ნანუაშვილმა მესტიის გამგებელს რეკომენდაციით მიმართა

უჩა ნანუაშვილმა მესტიის გამგებელს რეკომენდაციით მიმართა

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რეკომენდაციით მიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს კაპიტონ ჟორჟოლიანს შეისწავლოს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა თანამდებობებიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს,

სოფიო კვარაცხელიამ და მაია სორდიამ მათი სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით განცხადებებით მიმართეს სახალხო დამცველს.

ომბუდსმენის აპარატმა შეისწავლა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიიჩნია, რომ მესტიის გამგეობამ საჯარო მოხელეების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები დაარღვია.

"დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ 2013 წლის 18 თებერვლის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით სოფიო კვარაცხელია და მაია სორდია გათავისუფლდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურიდან. აღნიშნულ ბრძანებებს საფუძვლად დაედო 2013 წლის 3 იანვრის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის Nბრძანება "მესტიის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციის (ლიკვიდაციის) და თანამშრომელთა საშტატო ერთეულების შემცირების შესახებ" და 2013 წლის 11 იანვრის მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება "მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ".

როგორც აღმოჩნდა, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში არათუ შემცირდა საშტატო ერთეულების რაოდენობა, არამედ ერთი შტატით გაიზარდა კიდეც.

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელეს გასათავისუფლებლად. მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას", - აცხადებენ სახალხო დამცველში.

მათივე ცნობით, გამოიკვეთა, რომ არსებობს ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობა, რომლითაც დასტურდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებისა და გამოცემისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითად დარღვევის ფაქტი, რაც წარმოშობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის საფუძველს.

"ამდენად, 2013 წლის 18 თებერვლის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის №159 ბრძანება სოფიო კვარაცხელიას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და 2013 წლის 18 თებერვლის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის №160 ბრძანება მაია სორდიას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ნორმებს და არღვევს განმცხადებლების უფლებებს", - აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.