პრეზიდენტმა

პრეზიდენტმა "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.

მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს შენიშვნებით უკან დაუბრუნა მიმდინარე წლის 28 ივნისს მიღებული და ხელმოსაწერად წარმოდგენილი კანონის პროექტი "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ".

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების მიღებისა და ხელმოწერის წესს განსაზღვრავს.

"კანონპროექტის მიღების საფუძველი, როგორც ჩანს, გახდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, კანონპროექტით გათვალისწინებული დებულებები იწვევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით რეგულირებად საკითხებში ჩარევას და მეტიც, რეალურად ხელს უშლის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრიომლობასა და კონსენსუსის მიღწევას. საბოლოო ჯამში, კანონპროექტი ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ორგანოების სტატუსს აკნინებს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიმართ კრიტიკული მოსაზრებები გამოითქვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრთა მხრიდანაც, ვეტოს თხოვნით პრეზიდენტს მიმართა დევნილთა საინიციატივო ჯგუფმაც. ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებების ნაცვლად, მიზანშეწონილია, შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით იმოქმედონ. მით უფრო, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტები ნათლად განსაზღვრავენ, როგორც შესაბამისი თანამდებობის პირის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურებს, ისე ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების მიღებისა და გამოცემის წესს", - ნათქვამია პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.