ლევან იზორია კოდექსში ადამიანის ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის შესახებ ჩანაწერის უკეთ ფორმულირებას მხარს უჭერს

ლევან იზორია კოდექსში ადამიანის ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის შესახებ ჩანაწერის უკეთ ფორმულირებას მხარს უჭერს

შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია მიიჩნევს, რომ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ჩანაწერი "ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნის" შესახებ უნდა დარჩეს, თუმცა მხარს უჭერს მის უკეთ ფორმულირებას. 

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვისას, როგორც დეპუტატების, ასევე არასამთავრობოთა მხრიდან ყველაზე მეტი ყურადღება პროექტის შესაბამის პუნქტსა და კანონში არსებულ ჩანაწერზე გამახვილდა. როგორც სხდომაზე ითქვა, "საზოგადოებრივი ზნეობა" შეფასებითი კრიტერიუმია და პოლიციელის შეფასების საგანი არ უნდა იყოს, რა არის ადამიანის ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა. კომიტეტის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან კი გამოითქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ საჭიროა კანონის ამ ნაწილის დახვეწა და მასში მეტი სიცხადის შეტანა.

აღნიშნულ მოსაზრებებს ლევან იზორიამ შემდეგი არგუმენტაციით უპასუხა: "ჩანაწერი "საზოგადეობრივ ზნეობასთან" დაკავშირებით ბუნებრივია აჩენს კითხვებს, თუ რა არის საზოგადეობრივი ზნეობა და ვინ ადგენს მას, მაგრამ ეს მხოლოდ ამ კოდექსში არ წერია. ზოგადად, საკანონმდებლო სივრცეში და არამხოლოდ საქართველოში, გვხვდება ზნეობასთან დაკავშირებული ცნებები. ასეთი რამ წერია უამრავ კანონში. მაგალითად, "საზოგადოებრივი კოდექსი" ამბობს, რომ გარიგება ზნეობრივ ნორმებს არ უნდა ეწინააღმდგებოდეს და ვინ მეტყვის, ან სად არის განმარტებული, თუ რა ზნეობრივ ნორმებზეა საუბარი?! ვიზიარებ და არ უარვყოფ, რომ ეს შეფასებითი კატეგორიაა. თქვენ როგორ ფიქრობთ, როცა მოსამართლე წყვეტს, თუ რა არის ზნეობრივი, ეს შეფასებითი კატეგორია არ არის?! ზნეობა, როგორც ცნება, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტანდარტებით ყალიბდება", - აცხადებს შს მინისტრის მოადგილე.

მან საკომიტეტო მოსმენისას ის შესაძლო შემთხვევებიც დაასახელა, რაც პოლიციელის მხდიდან კოდექსის ამ ნაწილის გამოყენების მიზეზი შეიძლება გახდეს.

"მაგალითად, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას - იქნება ეს სკვერი, პარკი თუ სხვა ადგილი, გამოჩნდა პირი, რომელიც შეიძლება სხვა პირს ფიზიკურად არ ეხება, მაგრამ შეურაცხყოფის მაქსიმალური ფორმით მის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავს - ან შიშვლდება, ან აღარ დავაკონკრეტებ და სხვა ფორმებს მიმართავს. ეს ღირსების და ზოგადად, ზნეობისთვის შეურაცხმყოფელია. ადამიანს, ვინც თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, ამაზე სამართლებრივი რეაგირების სურვილი უჩნდება და პოლიციელს მიმართავს. რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში პოლიციელმა, თუ მას კანონი რეაგირების არანაირ საშუალებას არ აძლევს?!", - აღნიშნა იზორიამ.

ამასთან, მან ხაზგასმით განაცხადა, რომ საბოლოოდ საქმე სასამართლოს მიერ განსჯადი თემაა და პოლიცია მხოლოდ შუამდგომლობით მიმართავს მას.

პროექტის თანახმად, ალკოჰოლური სასმელების სმა ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა, სადაც ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ნებადართულია, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა 500-ლარიანი ჯარიმის დაკისრებით დაისჯება, ხოლო მესამე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.

ამავე პროექტის თანახმად, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევი პირის გათვალისწინებით აღნიშნული ზომების მიღება არასაკმარისად ჩაითვლება, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღე-ღამემდე ვადით.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ პირის დაჯარიმებამდე, კანონში დარჩეს სანქცია, მისი გაფრთხილების შესახებ.