სერგო რატიანი გიორგი მარგველაშვილს მინისტრობის პერიოდში მიღებულ

სერგო რატიანი გიორგი მარგველაშვილს მინისტრობის პერიოდში მიღებულ "პრობლემურ გადაწყვეტილებებს" ახსენებს

"ნაციონალური მოძრაობა" გიორგი მარგველაშვილს მინისტრობის პერიოდში მიღებულ "პრობლემურ გადაწყვეტილებებს" ახსენებს. 

დეპუტატმა სერგო რატიანმა პრესკონფერენციაზე მარგველაშვილის დღევანდელი ანგარიშის შესახებ ისაუბრა და ყოფილი მინისტრი მხოლოდ მიღწეული წარმატებების ჩამოთვლის გამო გააკრიტიკა.

"მას დაავიწყდა, რომ ახალი მთავრობის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დახურვა, სადაც ქართველ სტუდენტებს საშუალება მიეცემოდათ, ესწავლათ 5-10-ჯერ უფრო იაფად, ვიდრე აშშ-ის სასწავლებლებში და მიეღოთ ამერიკული დიპლომი. მან ისაუბრა უწყების დეპოლიტიზაციაზე, მაშინ, როდესაც მისი გადაწყვეტილება იყო აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმება. მან მოახდინა კანონის ინიცირება, რომლითაც უნივერსიტეტების რეორგანიზაცია შესაძლებელი გახდებოდა მათი კოლეგიური ორგანოს უკითხავად; მისი ინიცირებული იყო ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონის დაბლოკვა, რომლითაც უნივერსიტეტებს მიეცემოდათ ფართო ავტონომია; მან მოახდინა ინიცირება კანონისა, რომლითაც ახალი თაობის მეცნიერებს, დოქტორანტებს ეზღუდებათ ასისტენტ-პროფესორობა; მისი ინიცირებული იყო კანონი, რომლითაც პრემიერს ეძლეოდა საშუალება, დაენიშნა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი", - განაცხადა რატიანმა და აღნიშნა, რომ ამ კანონის შეჩერება მხოლოდ ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და უმრავლესობის 12 წევრის აქტიურობის შედეგად მოხერხდა.

დეპუტატმა გიორგი მარგველაშვილი გამომცემლების უფლებების უხეშ დარღვევაშიც დაადანაშაულა და განაცხადა, რომ წარმატებებზე საუბრისას მარგველაშვილს "პრობლემური გადაწყვეტილებებიც" არ უნდა დავიწყებოდა.

განათლებისა და მეცნიერების უკვე ყოფილმა მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა მისი მინისტრობის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა. როგორც გიორგი მაგველაშვილმა მისი შემცვლელის, თამარ სანიკიძის წარდგენისას განაცხადა, პირველი, რაც მისი მინისტრობის პერიოდში გაკეთდა და რაც იყო უმნიშვნელოვანესი, არის ის, რომ მოხდა განათლებისა და მეცნიერების სისტემის დეპოლიტიზაცია.

მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში, მასწავლებლების ხელფასები 25-დან 60%-მდე გაიზარდა, დაფუძნდა სასკოლო ავტობუსების პროგრამა, შეიქმნა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა, პროფესიულ სასწავლებლებში დაახლოებით 15 ათასამდე ბავშვი მომავალ წელს უფასოდ ისწავლის, უმაღლეს სასწავლებლებში შეიქმნა 17 ახალი სპეციალობა, სადაც სტუდენტები უფასოდ ისწავლიან და სტუდენტების დაფინანსების მიმართულება გაორმაგდა.

მარგველაშვილის ინფორმაციით, პირველად ბოლო პერიოდის განმავლობაში, უმაღლესებში დაფინანსდა დოქტორანტურა.