პოლიციელებს გონივრული ეჭვის საფუძველზე, პირის გაჩერების უფლება აღარ ექნებათ

პოლიციელებს გონივრული ეჭვის საფუძველზე, პირის გაჩერების უფლება აღარ ექნებათ

პოლიციელებს ე.წ. გონივრული ეჭვის საფუძველზე, პირის გაჩერების უფლება, შესაძლოა, აღარ ჰქონდეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული "პოლიციის შესახებ" ახალი კანონპროექტით, პირის "გონივრული ეჭვის" საფუძველზე გაჩერების საპოლიციო ღონისძიება, "პირის გამოკითხვის" ღონისძიებით იცვლება. კანონპროექტის შესაბამის ნაწილში გაწერილია, რისთვის აჩერებს პოლიციელი მოქალაქეს და რატომ უნდა გამოკითხოს ის.

როგორც შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია განმარტავს, კანონის არსებული ჩანაწერის მიხედვით, პოლიციელმა არ იცის, თუ რისთვის, რა კონკრეტულ საფუძველზე უნდა გააჩეროს პირი.
"არავინ იცოდა, რას ემყარებოდა "გონივრული ეჭვი". ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის სახელმწიფოს მნიშვნელოვანი პრინციპის - განსაზღვრულობის პრინციპის წინააღმდეგ, რაც თვითნებური მოქმედების ფართო არეალს იძლეოდა. ახალ პროექტში ყველა საპოლიციო ფუნქცია დეტალურად რეგლამენტირებულია და პოლიციას ეცოდინება, რატომ აჩერებს პირს. ამ საპოლიციო ღონისძიებას ჩვენ დავარქვით "პირის გამოკითხვა". კანონპროექტით, ჩანს რისთვის აჩერებს პოლიციელი მოქალაქეს, რატომ უნდა გამოკითხოს ის, ერთადერთი ეს ხდება იმისთვის, რომ მისი პიროვნება დაადგინოს. პროექტში ასევე გაწერილია პიროვნების დადგენის საფუძვლები. მაგალითად, თუ პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული მახასიათებლები. თუ მას ასეთი მახასიათებლები აქვს, პოლიციას დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა შეაჩეროს და ჰკითხოს, ვინ არის და სთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი. ასევე პოლიციას შეეძლება პირის შეჩერება და გამოკითხვა, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა ან ჩაიდენს სამართალდარღვევას. იმისათვის, რომ "საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის" ისეთივე აბსტრაქტული ცნება არ იყოს, როგორიცაა "გონივრული ეჭვი", ჩვენ ტერმინთა განმარტებაში განვსაზღვრეთ, რომ ეს ნიშნავს ფაქტს ან ინფორმაციას, რომელიც დასკვნის გასაკეთებლად, გარემოებათა გათვალისწინებით ობიექტურ დამკვირვებელს - მესამე პირს დააკმაყოფილებდა", - განმარტა ლევან იზორიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

ამასთან, პროექტის თანახმად, "პირის გამოკითხვის" კიდევ ერთი საფუძველი შეიძლება იყოს გარემოება, თუკი მას აქვს იარაღი და პოლიციელი მივა მის გამოსაკითხად, აქვს თუ არა იარაღის ტარების უფლება. ასევე ეს შეიძლება მოხდეს ისეთ შემთხვევაში, როცა პირი დანაშაულის, საგზაო-სატრანსპორტო, ან სხვა საგანგებო შემთხვევის ადგილას იმყოფება.