ლევან იზორია:  ერთმანეთისგან იმიჯნება პოლიციის პრევენციული ფუნქციები რეპრესიული ფუნქციებისგან

ლევან იზორია: ერთმანეთისგან იმიჯნება პოლიციის პრევენციული ფუნქციები რეპრესიული ფუნქციებისგან

პოლიციის პრევენციული ფუნქციები და უფლებამოსილებები რეპრესიული ფუნქციებისგან იმიჯნება. ამის თაობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ განაცხადა. მან კომიტეტს პირველი მოსმენით "პოლიციის შესახებ" ახალი კანონპროექტი წარუდგინა. 

ლევან იზორია აცხადებს, რომ "პოლიციის შესახებ" მოქმედი კანონი საბჭოთა მილიციის შესახებ კანონის ერთგვარი გადმონაშთია, სადაც არავითარი ცვლილება, რაც მას ევროპულ სტანდარტებთან დაახლოვებდა, არ შესულა.

მისივე თქმით, შსს-ს მიერ მომზადებული პროექტი ორიენტირებულია იმაზე, რომ პოლიციის ძირითადი ფუნქცია არის დანაშაულის თავიდან აცილება და პრევენციის მოხდენა და არა რეპრესია და მხოლოდ მომხდარზე რეაგირება.

"ერთმანეთისგან იმიჯნება პოლიციის პრევენციული ფუნქციები და უფლებამოსილებები, რეპრესიული ფუნქციებისგან, რაც თავის მხრივ, მოიცავს როგორც სისხლის სამართლებრივი დევნის ფარგლებში მოქმედებას, ასევე ადმინისტრაციულ სამართლადარვევაზე რეაგირებას. წარმოდგენილ პროექტში თავმოყრილია მხოლოდ პოლიციის პრევენციული ფუნქციები. რაც შეეხება სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის პოლიციის მოქმედებებს, ეს "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით" დარეგულირდება, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების საკითხი - შესაბამისი კოდექსით. წარმოდგენილი ინიციატივის ახალი ფილოსოფია ისაა, რომ პოლიციას უფლებამოსილებების გახორციელების ჭრილში კანონმდებელი ეუბნება, რომ მისი მთავარი ამოცანაა, პირველ რიგში, არა დევნა, არამედ ზრუნვა იმაზე, რომ დანაშაული თავიდან აიცილოს" - განმარტავს ლევან იზორია.

"პოლიციის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტს გასულ კვირას წარედგინა.