ვახტანგ რჩეულიშვილი:

ვახტანგ რჩეულიშვილი: "ცენტრ პოინტის" მიმართ ინტერესი გაიზარდა

მას შემდეგ, რაც "ცენტრ პოინტის" წინააღმდეგ პროცესები დაიწყო მოსახლეობაში კომპანიის მიმართ ინტერესი უფრო გაიზარდა, - ამის შესახებ ვახტანგ რჩეულიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო პროცესების შემდეგ მათი მხრიდან, ვინც "ცენტრ პოინტში" სახლებს იშენებდნენ გარკვეული თანხები შევიდა. რჩეულიშვილის განცხადებით, "ცენტრ-პოინტს" პრობლემები შეექმნა.

"ამხელა კომპანიის მუშაობის დროს არ არის გამორიცხული, რომ შეიქმნას კონკრეტული პრობლემები. იუსტიციის მაშინდელი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი რუსუდანთან მეგობრობდა. კომპანიისთვის დახმარების თხოვნით რუსუდანი მასთან მივიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დაინახეს კომპანიის შესაძლებლობები და ის ფინანსური რესურსები, რაც მას გააჩნიდა, მთავრობის წარმომადგენლებს აღეძრათ მადა", - აღნიშნა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

მისივე განცხადებით, "ცენტრ პოინტის" გაკოტრებაში დიდი როლი ითამაშა "საქართველოს ბანკმაც".

"ჩვენ ერთი კონკრეტული ობიექტისთვის "საქართველოს ბანკიდან" ვისესხეთ ნახევარი მილიონი, თუმცა ჩავასესხეთ მილიონნახევარი. როცა ამხელა თანხებზეა საუბარი, ამან შეიძლება გამოიწვიოს ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ შეგვექმნა", – აცხადებს რჩეულიშვილი.

მისივე თქმით, "ცენტრ პოინტი" აღიარებს საკუთარ შეცდომებს, მაგრამ ის ბრალი, რომელიც წარდგენილი აქვს, არ უღიარებია.

"ბრალს არ ვაღიარებთ, მაგრამ ვერ ვიხსნით იმ პასუხისმგებლობას, რომელიც კომპანიას აქვს. პასუხისმგებლობები გარკვეული შეცდომებით შეიძლება იყოს გამოწვეული. გარდა იმისა, რომ მომხმარებლები, რომლებიც ჩვენთან ბინას იშენებდნენ, ნაწილი კარგად იხდიდა თანხას, ასევე იყნენ ცუდი გადამხდელები. ხშირ შემთხვევაში ხდებოდა ის, რომ დაწყებული ბინების მშენებლობა ბოლომდე ვერ მიდიოდა", - განაცხადა რჩეულიშვილმა.

მისივე განმარტებით "ცენტრ პოინტი" შეეცდება ყველა ის ვალდებულება, რომელიც მას აღებული აქვს ეტაპობრივად დაფაროს.