თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურა ყოველდღიურად კატასტროფის საფრთხეს ქმნის

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურა ყოველდღიურად კატასტროფის საფრთხეს ქმნის

"აირზენამ" შესაძლოა ფრენები შეაჩეროს. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ავიაკომპანიის ხელმძღვანელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლის გაუმართაობას და ავიამეთვალყურეების არაპროფესიონალიზმს ასახელებს. ეს განცხადება თამაზ გაიაშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

გაიაშვილი ამტკიცებს, რომ ქართული ავიასივრცე ბოლო ერთი თვის განმავლობაში კატასტროფას ორჯერ სრულიად შემთხვევით გადაურჩა.

„ორი ლაინერი ერთსა და იმავე წერტილში მოძრაობდა, რომ არა შესაბამისი ტექნიკა, რომლითაც თვითმფრინავებია აღჭურვილი, პრეზიდენტის მიერ საგანგებოდ ნაქები, ქართველი ავიადისპეჩერების იმედზე კატასტროფა გარდაუვალი იქნებოდა.

ავტომატური სისტემა რომ არ ჩართულიყო და პილოტებს საფრთხის შესახებ არ ქონოდათ ინფორმაცია წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა?!

ვერ წარმოიდგენთ რა მდგომარეობაშია თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უსაფრთხოების მხრივ. ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა ყოველდღიური კატასტროფის რეალურ საფრთხეს ქმნის. აეროპორტის ასაფრენი ზოლი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს,“ – აცხადებს გაიაშვილი.