"ჯოზეფ კეის ჩვენება მრავალი წერილობითი მტკიცებულებით არის დადასტურებული"

პროკურორ სალომე ჩიქობავას განცხადებით, გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმეში ჯოზეფ კეის ჩვენება მრავალი წერილობითი მტკიცებულებით არის დადასტურებული. 

ამის შესახებ ჩიქობავამ ჟურნალისტებს დღეს საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"დღეს პროცესზე ორივე მხარის შესავალი სიტყვები მოვისმინეთ. დაცვის მხარე აპელირებს, რომ ჯოზეფ კეი არაგულწრფელი მოწმეა, თუმცა ისინი ყურადღებას არ ამახვილებენ იმ წერილობით მტკიცებულებებზე, რომელიც კეის ნათქვამის თითოეულ აბზაცს ადასტურებენ. ამასთან, კეი არ არის ბრალდების ერთადერთი მოწმე და არსებობს ბევრი სხვა მოწმეც", - განაცხადა ჩიქობავამ.

ამასთან, პროკურორი უარყოფს დაცვის მხარის ინფორმაციას, თითქოს ბრალდების მხარე მოწმეებზე ზეწოლას ახდენდეს.

"არც ერთ მოწმეზე ზეწოლა არ ყოფილა. ყველა მათგანი დაიკითხება პროცესეზე და მათ მიერ მიცეულ ჩვენებას დაადასტურებენ", - განაცხადა ჩიქოვაბამ.

მისივე თქმით, სოზარ სუბარის მოადგილე გიგა გიორგაძე ამ საქმეში საკვანძო მოწმე არ არის და იმას, რომ ის ახლა სხვა თანამდებობაზე მუშაობს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.