გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო 30 აგვისტოს განახლდება

გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო 30 აგვისტოს განახლდება

გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალდების მოწმეების დაკითხვა 30 აგვისტოს ჩანიშნულ პროცესზე დაიწყება. თბილისის საქალაქო სასამართლში დღეს გამართულ პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი პროცესის თარიღზე. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. შესავალი სიტყვის წარმოთქმის საშუალება თავად დედაქალაქის მერს გიგი უგულავასაც მიეცა. 

როგორც მან აღნიშნა, ბრალდების მხარის შესავალ სიტყვაში რამდენიმე უზუსტობა არსებობს. კერძოდ, უგულავას თქმით, ბრალდების მხარე საუბრობს ტელეკომპანია "იმედის" ეპიზოდზე და ახსენებს ბადრი პატარკაციშვილს, ასევე მინისტრ დავით კეზერაშვილს. როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ამ პერიოდში ბადრი პატარკაციშვილი გარდაცვლილი იყო, ხოლო კეზერაშვილი მინისტრი აღარ იყო. აღნიშნული განცხადება უგულავამ პროკურორების მისამართით გააკეთა.

მისივე თქმით, ბრალდების მხარის შესავალ სიტყვაში პირველად გაიგო, რომ კონსკურსი, რომელიც რიყის გასხვისებაზე იყო გამოცხადებული, ფიქტიური და უკანონო იყო. უგულავას აინტერესებს რატომ არ არის ეს ფაქტი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი, თუკი მართლაც უკანონო კონკურსის ჩატარებაზეა საუბარი.

გიგი უგულავამ დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდების მხარის საკვანძო მოწმეებს წარმოადგენენ ისეთი პირები, როგორებიც არიან, სოზარ სუბარის მოადგილე გიგა გიორგაძე, ასევე "ქართული ოცნების" "ნავში გადამსხდარი" ნიკო ხაჩირაშვილი და მოწმე თევდორაძე. როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, ამ ადამიანების მოწმეებად მოყვანა ბრალდების მხარისთვის უადვილესია, რადგან ყველა მათგანი "ერთ ნავში ზის".

დღევანდელ პროცესზე გაირკვა, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენება აქვს მიცემული ტარიელ ხიზანეიშვილს. როგორც უგულავას ადვოკატმა აღნიშნა, ხიზანეიშვილის ჩვენებით, ერთ-ერთი ბრალდების ეპიზოდზე, რომელიც ფიქტიურ სამუშაო ადგილებს გულისხმობს, ხიზანეიშვილია დაკითხული, სადაც ის ამბობს, რომ 3-წლიან უკანონობას ბოლო მოუღო.

როგორც გიგი უგულავას ადვოკატმა აღნიშნა, ხიზანეიშვილს აღნიშნული ჩვენების მიცემა აიძულეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადვოკატს აინტერესებს, რატომ არ არის ხიზანეიშვილი პასუხისმგებაში მიცემული, თუკი იგი სამწლიანი უკანონობის მონაწილე იყო.

გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო 30 აგვისტოს 11 საათზე დაიწყება. თავდაპირველად საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში ტელეკომპანია "იმედის" ეპიზოდზე ბრალდების მოწმეების დაიკითხებიან. თუმცა, ჯერჯერობით, ბრალდების მხარეს არ დაუსახელებია რომელი მოწმეების დაკითხვა მოხდება პირველ ეტაპზე.