ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გაფიცვის გამო საქართველოში ვიზების მიღება დროებით შეზღუდულია

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გაფიცვის გამო საქართველოში ვიზების მიღება დროებით შეზღუდულია

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გაფიცვის გამო, საქართველოში ისრაელის საელჩოს საკონსულო განყოფილება მოქალაქეებს საკონსულო მომსახურებას დროებით ვერ უწევს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ისრაელის საელჩოდან აცნობეს, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გაფიცვა დაახლოებით სამი კვირაა რაც გრძელდება.

საელჩოში ვერ აკონკრეტებენ, თუ როდის დასრულდება ისრაელის საგარეო უწყების თანამშრომელთა გაფიცვა.

ამასთან, საელჩოში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ, რომ გაფიცვა ხელფასების მომატების მოთხოვნით მიმდინარეობს.

ისრაელის საელჩო აცხადებს, რომ საელჩოს საკონსულო განყოფილება საქართველოში მოქალაქეებს საკონსულო მომსახურებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გაუწევს. კერძოდ, ისრაელის მოქალაქეებისთვის გადაუდებელი შემთხვევების დროს, ისრაელის მოქალაქეებისთვის გადაუდებელი სამედიცინო გამგზავრების, მიცვალებულის გადასვენებისა და სუროგატების მომსახურების შემთხვევებში.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, აღნიშნულის გამო საქართველოში მოქმედი ტურისტული კომპანიები და მომლოცველთა ჯგუფები ისრაელში ტურისტული ტურების მოსაწყობად ვიზებს ვერ ღებულობენ.