საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებისას და მიღებისას პარლამენტი მთავრობის ოპონენტია

საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებისას და მიღებისას პარლამენტი მთავრობის ოპონენტია

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებისა და მიღების პროცესში, პარლამენტი მთავრობის ოპონენტია. 

როგორც უსუფაშვილმა "ჰოლიდეი ინნ-ში" მიმდინარე კონფერენციაზე აღნიშნა, თუ საკანონმდებლო საქმიანობაში მთავრობა და პარლამენტი ერთმანეთთან არ ოპონირებს, სრულიად ეკარგება აზრი ხელისუფლების დაყოფისა და დანაწილების პრინციპს. მისივე თქმით, ასევე არსებობს არასამთავრობო სექტორი, რომელიც ორივე ამ შტოსთან ოპონირების რეჟიმში იმყოფება, რაც აუცილებლად ასე უნდა იყოს.

"ამ ოპონირებასა და დებატებში იბადება სწორი აზრი. ამასთან, ჩვენ არ გვინდა ოპონირება ოპონირებისათვის და დებატები - დებატებისთვის. გვინდა ამ პროცესის შედეგი დემოკრატიულ სტანდარტებთან მეტად მიახლოებული კანონმდებლობა იყოს, ჩვენ ყველამ დავინახოთ, კანონის მიღებას მაშინ აქვს აზრი, თუ ამ კანონის აზრი გათავისებული აქვს საზოგადოებას, თავს მოხვეული და ნაჩქარევად მიღებული საკანონმდებლო აქტები განწირულია იმისთვის, რომ ისინი ვერ იმუშავებს", - განაცხადა კონფერენციაზე დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, კანონი უზენაესი ხდება არა ძალით, არამედ შეგნებითა და გააზრებით.

"ძალა და კანონის აღსრულების ის ინსტრუმენტები, რომლებიც ექსკლუზიურად მხოლოდ სახელმწიფოს აღსრულებაშია, იშვიათ შემთხვევაში უნდა ჩაერთოს. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, კანონი უნდა სრულდებოდეს, როგორც გააზრებული აუცილებლობა. თუკი გადავხედავთ ჩვენ უახლოეს ან უფრო შორეულ ისტორიას, დავინახავთ რომ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ვერ დამკვიდრდა ქვეყანაში კანონის უზენაესობა და სამართლებრივი კულტურა არის ის, რომ მთელ ამ პროცესს საზოგადოება მოწყვეტილია", - აღნიშნა შეხვედრაზე დავით უსუფაშვილმა.

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები და არასამთავრობო სექტორი დემოკრატიული კანონშემოქმედებითი პროცესის პრინციპებზე და ამ თვალსაზრისით, საქართველოში არსებული ვითარების გაუმჯობესებაზე მსჯელობენ.

კონფერენცია ორგანიზებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების მიერ.