ლუის ნავარო არ ეთანხმება გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებას, რომ NDI-ის კვლევას ოდესმე 40%-იანი ცდომილება ჰქონდა

ლუის ნავარო არ ეთანხმება გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებას, რომ NDI-ის კვლევას ოდესმე 40%-იანი ცდომილება ჰქონდა

NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის ლუის ნავარო არ ეთანხმება "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებას, რომ NDI-ის კვლევას ოდესმე 40%-იანი ცდომილება ჰქონდა.

რაც შეეხება სხვაობას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და იმავე წლის ზაფხულში გამოქვეყნებულ NDI-ის კვლევის მონაცემებს შორის, ლუის ნავარო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საზოგადოებრივი აზრის ცვლილება მათ შორის ე.წ. ციხის კადრებმა გამოიწვია, რომელიც კვლევის შემდეგ და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა.

"მე რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება და ახლაც ვადასტურებ, რომ ოქტომბრის არჩევნების შედეგები განსხვავებული იყო წინასაარჩევნო კვლევის შედეგებისაგან. ამას აქვს ორი მიზეზი: პირველი, არსებობდა ადამიანთა დიდი ნაწილი, რომელმაც არ იცოდა, ვის სასარგებლოდ მისცემდა ხმას არჩევნებზე და მეორე, შედეგებზე გავლენა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე აგორებულმა სკანდალმაც მოახდინა. ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო კვლევებს შორის ამიტომაც გამოიკვეთა ასეთი სხვაობა. მე ვერ დავეთანხმები ბატონ მარგველაშვილს, რომ როდესმე გვქონდა 40%-იანი ცდომილება. ბოლო ჩვენს კვლევაშიც მხოლოდ 2,9%-იანი ცდომილებაა", - განაცხადა ნავარომ.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ NDI-ის კვლევას სერიოზულად უყურებს, თუმცა "იმ შესწორებით, რომ წინა წლებში ეს კვლევა საშუალო მაჩვენებლით 40%-ით იყო განსხვავებული რეალური მაჩვენებლებისგან".

შეგახსენებთ ასევე, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გუშინ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად გამოკითხულთა 29% ისურვებდა.