გიორგი მარგველაშვილი თამარ სანიკიძეს დღეს წარადგენს

გიორგი მარგველაშვილი თამარ სანიკიძეს დღეს წარადგენს

გიორგი მარგველაშვილი განათლების მინისტრის პოსტზე მის შემცვლელ თამარ სანიკიძეს დღეს წარადგენს, - ამის შესახებ მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, იგი მედიის წარმომადგენლებს დღესვე მინისტრობის 8-თვიან ანგარიშს გააცნობს. განათლების მოქმედმა მინისტრმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა მის შემცვლელად თამარ სანიკიძის დასახელების მოტივებზეც ისაუბრა.

"მე ვაფასებ ჩვენს 8-თვიან მუშაობას უაღრესად ეფექტურად. ჩვენ შევძელით და 16 ათას ბავშვს სკოლაში წასვლის საშიშროება მოვუხსენით. ისინი მგლების ყმუილში კი არ დადიან, მათ ატარებთ მანქანა. ჩვენ სკოლების მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას მოვუმატეთ ხელფასები, შევქმენით უფასო ფაკულტეტები, ტექნიკუმებში ახალი უფასო სწავლება დავაფუძნეთ, შევქმენით უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა, რაც ნახევარ მილიონამდე ქართულ ოჯახს სექტემბერს შეუმსუბუქებს, 600-მდე სკოლას ვარემონტებთ, 8 სკოლას ვაშენებთ, ყველაფერ ამის განხორციელებაში ჩემს გვერდით მთავარი დამგეგმავი იყო ქალბატონი თამარი. ის უაღრესად მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალია. მას განათლება აქვს მიღებული როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში. ის არის ადამიანი, რომელიც შეძლებს, ამ სისტემას ემსახუროს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.