ყოფილი პოლიციელი სანდრო გირგვლიანის საქმეზე ახალ დეტალებს ახმაურებს

ყოფილი პოლიციელი სანდრო გირგვლიანის საქმეზე ახალ დეტალებს ახმაურებს

ყოფილი პოლიციელი სანდრო გორგვლიანის საქმეზე ახალ დეტალებს ახმაურებს. გელა მებონია იხსენებს, რომ გირგვლიანის საქმე მომხდარიდან რამდენიმე საათში გაიხსნა, რაშიც თავადაც მონაწილეობდა, თუმცა მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს უფროს თამაზ ვასაძის კაბინეტიდან მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის მაღალჩინოსანმა "გააქრო". 

როგორც "ინტერპრესნიუსს" მებონიამ განუცხადა, ამის შემდეგ, ვასაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ყოფილი პოლიციელი მზადაა გამოძიებასთან დაინტერესების შემთხვევაში ითანამშრომლოს.

"როდესაც ეს ამბავი მოხდა, შემთხვევის ადგილზე მე და ჩემი ოპერი ავედით. ადგილზე დაახლოებით 3-4 საათი ვიმუშავეთ. მასალები ამოვიღეთ კამერებიდან, საღამოს საქმე უკვე გახსნილი იყო.

სამმართველოს უფროს თამაზ ვასაძესთან, კაბინეტში იდო საქმე. ჩვენ გვინდოდა ჟურნალისტებისთვის დაგვეძახა, მაგრამ დაგვასწრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა თანამშრომლებმა და ეს მასალები ჩვენი დიდი პროტესტის მიუხედავად წაიღეს. მეორე დღეს, თამაზ ვასაძეს გენინსპექციიდან მთელმა ჯგუფმა მოაკითხა და უთხრეს. პოლიციიდან წადიო", - აღნიშნა გელა მებონიამ.

იგი გენინსპექციის იმ თანამშრომლის ვინაობას, რომელმაც მისივე თქმით, გირგვლიანის მკვლელობის ადგილიდან მოპოვებული მასალები წაიღო, ჯერჯერობით არ ამხელს, თუმცა, მზადაა, თუ პროკურატურა დაინტერესდება, სრულყოფილი ჩვენება მისცეს.