აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული შტაბების შექმნა, სავარაუდოდ, 2017 წლამდე გადაიწევს

აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული შტაბების შექმნა, სავარაუდოდ, 2017 წლამდე გადაიწევს

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული შტაბების შექმნა, სავარაუდოდ 2017 წლამდე გადაიწევს. 

როგორც თავდაცვის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე ბიუროკრატიული მანქანის გაზრდა სარდლობებში მიზანშეწონილი არ არის.

"ამ ეტაპზე, ჩვენ დამატებითი შტაბის შექმნის ფუფუნების საშუალება არ გვაქვს. ეს შეიძლება დროში გაიწელოს, ამის განხორციელება 2017 წლამდე შეგვიძლია და ეს დამოკიდებული იქნება ბიუჯეტზე. სავარაუდოდ გადავწევთ," – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, უკვე ამოქმედდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საბრძოლო გამოცდილების შესწავლის და გაზიარების კომისია, რომელსაც გენერალი კაპანაძე ხელმძღვანელობს.

"მე მოვიკითხე, თუ როგორ აგრძელებს მუშაობას ეს კომისია და უკვე გამოკითხვების ჩატარების სისტემატიზაცია მოახდინეს. უახლოეს პერიოდში გაგრძელდება მუშაობა. ამ გამოცდილებზე დაყრდნობით უნდა შეიქმნას თავდაცვის სტრატეგია და ეს მუშაობა უკვე დაწყებულია, როდის დასრულდება არ ვიცი. ეს იქნება სერიოზული მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენი პარტნიორებიც გვთხოვენ გავუზიაროთ," – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.