„სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრები არც გიორგობაზე შეუწყალებიათ

„სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრები არც გიორგობაზე შეუწყალებიათ

23 ნოემბერს პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა. მათ შორის, საპატრიარქოს თხოვნის მიუხედავად, არ ყოფილან „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც არც მარიამობის დღესასწაულზე შეუწყალებიათ, არც აღდგომის დღესასწაულზე და არც გიორგობაზე და უკვე ორი წელია, იხდიან სასჯელს და ერთი ამდენივე მოსახდელი დარჩათ. 

თვითმხილველები აცხადებენ, რომ მართლმადიდებელი ბიჭების, როგორც აყვანა (რაც ტელეკომპანია „კავკასიაში“ ირაკლი დეისაძის წიგნის ხმაურიან დებატებს მოჰყვა), ისე სასამართლო პროცესი დარღვევებით წარიმართა. მაშინ, როცა თავად დაზარალებული, ტელეკომპანია „კავკასიის“ მფლობელი დავით აქუბარდია ტელევიზიაში მომხდარ დაპირისპირებაში მათ ბრალეულობას გამორიცხავდა და „ხულიგნობის მუხლით“ გასამართლებული ბიჭების გათავისუფლებას ითხოვდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრების მიმართ განაჩენი უსამართლო და მკაცრი იყო. განაჩენის წაკითხვისას დარბაზში ამ ბიჭების ბიზანტიური გალობა ისმოდა, რის გამოც მოსამართლემ მათი გალობის ფონზე,  განაჩენი, ფაქტობრივად, ჩურჩულით ჩაიკითხა, ისე, რომ თავი არ აუწევია. ადვოკატები კი განსასჯელებისკენ გახედვას ვეღარ ახერხებდნენ და თვალებიდან ცრემლი სდიოდათ.

„სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრებს შეეძლოთ, ციხის კედლებიდან თავი დაეღწიათ, თუ არჩადენილ დანაშაულს „აღიარებდნენ“, მაგრამ ერთ- ერთმა მათგანმა რატი მაისურაძემ მაშინვე აღნიშნა, საქართველო ციხედ იქცა და რა მნიშვნელობა აქვს, რომელ ციხეში ვიჯდებიო. თუმცა ნამდვილ საპყრობილეშიც რატი მაისურაძემ  ჩეჩენი მუსლიმანი ქრისტიანულად მონათლა. მართალია, მართლმადიდებელ ბიჭებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას თავიდანვე სთავაზობდა, მაგრამ განსასჯელებმა ცალსახად უარი განაცხადეს, – ცილისწამება დიდი ცოდვაა და საკუთარ თავს, ცილს ვერ დავწამებთო.

სხვათაშორის, რატი მაისურაძე ჯერ კიდევ 2007 წლის ნოემბრის აქციების დროს გაიტაცეს. იგი სასტიკად სცემეს და უთხრეს, რომ „გირგვლიანი 2“-ის სცენა გათამაშდებოდა. მართალია, მოგვიანებით „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრები 7 მაისს ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარი ფაქტის გამო გაასამართლეს, მაგრამ მათ უფრო ადრინდელი დანაშაულის გამო ედავებოდნენ, როცა 2010 წლის 4 მაისს, ილიას უნივერსიტეტის წინ ერეკლე დეისაძის წიგნის მხარდამჭერთა აქციაზე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებიც მივიდნენ „უზნეობის მქადაგებელი წიგნის“ პროპაგანდის დასაგმობად.

საინტერესოა, რომ 4 მაისის აქციის გამო, მხოლოდ „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ ორ ბიჭს წაუყენეს ბრალი ჯგუფური ხულიგნობისთვის, მაშინ, როცა აქციაში ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა.

Presage.tv-ს ესაუბრება კონსტიტუციის 42-ე მუხლის  ხელმძღვანელი მანანა კობახიძე:

პატიმრების შეწყალების მიზნით პერიოდულად საპატრიარქო ხელისუფლებას სიებს გადასცემს. რატომ არ იზიარებს ხელისუფლება ახალგაზრდების გათავისუფლების თხოვნას? მათ შორის, არიან თქვენი დაცვის ქვეშ მყოფებიც?

– ეს ბიჭები ჩემი დაცვის ქვეშ იმყოფებიან. ყოველ დღესასწაულზე, ეს არის მარიამობა, აღდგომა თუ გიორგობა, პატრიარქის ლოცვა-კურთხევის ქვეშ  ყოველთვის ხვდებიან სიაში. რამდენადაც ვიცი, პატრიარქმა პერსონალურადაც ითხოვა მათი შეწყალება, მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე შეწყალებულნი არ არიან. გარკვეულად, ეს მათი დასჯაა, ამიტომაც ისინი თავს სინდისის პატიმრებად და რელიგიური მრწამსის პატიმრებად თვლიან. ძალიან მკაცრია კანონი მათ მიმართ. ხშირ შემთხვევაში, ბევრად უფრო მძიმე დანაშაულისთვის არ ხდება ასეთ პირობებში  ადამიანის ჩაყენება, როგორშიც ეს ბიჭები ჩააყენეს. აბსოლუტურად დაუმსახურებლად, მათ შეწყალებაზე უარს ეუბნებიან. ეს არის ხელისუფლების შურისძიება მათ მიმართ.

ზოგადად როგორ ხდება ქართულ ციხეებში შეწყალება?

– იცით, რა არის? მე ვიცი, რომ შესაწყალებელთა ძალიან დიდი სია მისდით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს სიები არაფორმალურად თანხმდება პროკურატურასთან. ყველანი დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ პროკურატურის ნებართვის გარეშე და მათი თანხმობის გარეშე არ ხდება მათი შეწყალება, არამედ მხოლოდ იმ პატიმრებს იწყალებენ, რომლებზედაც პროკურატურას არ აქვს პრობლემა და მათზე თანხმობაა მისული. ხშირ შემთხვევაში, ძალიან არალოგიკურია, როდესაც მძიმე დანაშაულზე, – მკვლელობაზეც შეიძლება შეიწყალონ ადამიანი და ამ დროს, ამ ბიჭების მიმართ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის გამო, არ ხდება შეწყალება. საუბარია იმ ქმედებაზე, რომელიც არც ჩადენილა, ყველამ კარგად იცის, როგორ მოხდა მართლმადიდებლების სახელით მათი სისხლის სამართლის საქმის წარმოწყება, რომელიც დარღვევებით წარიმართა.

ნაკლებ მძიმე დანაშულზე როდესაც არ ხდება შეწყალება, და ამ დროს, თავის დროზე გირგვლიანის მკვლელები შეიწყალეს, რა პრინციპზე შეიძლება იყოს საუბარი?! ცხადია, თუ ვინმეს იწყალებენ, ძირითადად, იმ ადამიანებს, რომლებსაც სასჯელის მოხდის მაქსიმუმ ერთი თვე აქვთ დარჩენილი. ან შეიძლება, აშკარად თანამშრომლობენ და არიან, ფაქტობრივად, ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები. ზოგადად, მათ მიმართ ასეთი შეღავათი უფრო მეტად ვრცელდება.

ციხეში რა მდგომარეობაში არიანსახალხო მართლმადიდებლური მოძრაობისწევრები?

– მე ვიცი, რომ აფხაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო. ზოგადად, რა თქმა უნდა, მათაც პრობლემები ექმნებათ ციხის პირობებში, მაგრამ ისინი ყოველივეს მოთმინებით ხვდებიან, არიან ძალიან რელიგიურები და რაღაცნაირად, ვაჟკაცურად იტანენ იმას, რაც მათ მიმართ შეფარდებულია.

ზოგადად რა ხდება ქართულ ციხეებში?

– მართალია, შენობები ახალი გვაქვს, პენიტენციალურ სისტემაში შედარებით მოწესრიგდა გარეგნული ფასადები, მაგრამ თვითონ პატიმრების მიმართ მოპყრობა მძიმე და არასასურველია, ძალიან იმატა სიკვდილიანობის ფაქტებმა. ხშირად ასეთი ფაქტები დამალულია და პატიმრები ბოლო მომენტში გადაჰყავთ სხვა კლინიკებში, რათა არ დაფიქსირდეს სიკვდილის ფაქტი პენიტენციალურ სისტემაში. ამით ხელოვნურად ამცირებენ გარდაცვლილთა რაოდენობას ციხეებში. ეს არის ფაქტი, რომელზეც სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა თავის ანგარიშში. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც პირდაპირ აწამებენ პატიმარს, სასტიკად სცემენ, არ პატიობენ მას საჩივრების დაწერას ციხის ადმინისტრაციის მისამართით, ადვოკატთან კომუნიკაციაში უშლიან ხელს, არ აგზავნიან მის საჩივარს, მის წერილებს, პირდაპირ ამცირებენ.

შემაშფოთებელი ვითარებაა ე.წ. კარანტინში, წესად არის დამკვიდრებული, როცა პირი ახალი შესულია, პირდაპირ ხდება მისი ე.წ. დამუშავება, ცემა, ფიზიკური ზეწოლა იმისთვის, რომ რაღაცნაურად „ჭკუა ასწავლონ“ და ჰყავდეთ შიშის ქვეშ. ხშირ შემთხვევაში, თანამშრომლობას აიძულებენ. თანამშრომლობაზე ხელს იძულებით აწერინებენ, რაც შემდეგ პატიმრებს უქმნის პრობლემებს. არ შეიძლება, იძულებით ათანამშრომლო ადამიანი, როდესაც ეს არ არის მისი სურვილი, და პირდაპირ ჩამშვებად განაწესო საკანში. შემდეგ, როცა თანასაკნელის შეტყობინება ხდება, უკვე სხვა პატიმრებთან ექმნება პრობლემები და პატიმარს თავის მართლება უწევს, რომ არ თანამშრომლობს ადმინისტრაციასთან და ეს არის იძულებით ხელმოწერილი დოკუმენტი. ამის შემდეგ პატიმრებისგან მოდის აგრესია და სამწუხაროდ, ასეთ ვითარებაში ჩაყენების შემდეგ არის თვითმკვლელობის ფაქტებიც. ზოგჯერ პატიმრები თვითმკვლელობამდე მიდიან. დაავადებული პატიმრების თემა კიდევ ცალკე გამოსაყოფია. მძიმე ვითარებაა ამ მხრივ, ვერცერთ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მკურნალობის ხარისხი. ძირითადად, ოჯახი უზრუნველყოფს მედიკამენტებით პატიმრებს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, თუ გადაუდებელი შემთხვევაა, გადაჰყავთ ციხეებიდან ციხის საავადმყოფოში.

რაც შეეხება გადაუდებელ ოპერაციებს და ძვირადღირებულ სამედიცინო მომსახურებას, მსგავსი რამ, ფაქტობრივად, გამორიცხულია და ასეთ შემთხვევაში, გვიწევს მიმართვა ევროპის სასამართლოსადმი და მათი ჩარევით, მითითებით უზრუნველვყოფთ პატიმრის სიცოცხლის გადარჩენას.

ისეთი მძიმე გარემოა სასჯელაღასრულებით ზოგიერთ დაწესებულებაში, რომ როგორც ვიცი, ადვოკატებსაც უჭირთ საპატიმროში შესვლა. როგორია ჰიგიენა, ამაზე პატიმარი გიორგი დემეტარაძეც საუბრობდა.

– შესვლა არ გვეზღუდება, მაგრამ თუ შეგვაქვს რაიმე დოკუმენტი, რაზეც გვინდა, ხელი მოვაწერინოთ პატიმარს და ეს ეხება მაინცდამაინც სტრასბურგის საჩივარს, პრობლემა გვექმნება, გვიკრძალავენ შიგნით შეტანას. ისე, როგორც პატიმარს უკრძალავენ, გადმოგვცეს კონკრეტული საჩივარი, განცხადება და ხანდახან საათობით გვაკავებენ ციხის ტერიტორიაზე და გვეზღუდება მათთან კომუნიკაციის საშუალება. ადვოკატისთვის შეურაცხყოფაც მიუყენებიათ. რაც შეეხება ჰიგიენას, გააჩნია საპატიმროებს. ახლადაშენებულ ციხეებში ჰიგიენური თვალსაზრისით, არ არის პრობლემა, მაგრამ, არის შემთხვევები, როცა ძალით უქმნიან პატიმარს ამ პრობლემებს. ზოგჯერ დასჯის მიზნით იყენებენ და დავუშვათ, არ გაჰყავთ ისინი შხაპის მისაღებად. პრობლემაა თეთრეულიც. არ აძლევენ თეთრეულს და გამოუცვლელ და არაჰიგიენურ თეთრეულში უწევთ ყოფნა. თუ არ ჰყავს ოჯახის წევრი პატრონი და მატერიალურად სერიოზულად უზრუნველყოფილი არ არის, ჩათვალეთ, ძალიან მძიმე პირობებში მოუწევს ყოფნა. არც წამალი ექნება და არც ადეკვატური კვება.