თითქმის ყველა ნაბიჯზე შეხვდებით უსამართლობით შეწუხებულ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში სამართლის არ არსებობას აპროტესტებენ. მართალია, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მოსახლეობის 72 პროცენტი ენდობა სასამართლოს, მაგრამ ამას ადვოკატები კატეგორიულად არ ეთანხმებიან. ისინი პროცესებზე უხალისოდ შედიან, რადგან არ აქვთ იმედი, რომ მათ არგუმენტებს და მტკიცებულებებს მოსამართლე გაიზიარებს. 29 ნოემბრიდან, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილმა ადვოკატმა, ზურაბ როსტიაშვილმა შიმშილობა დაიწყო. იგი აცხადებს, რომ უსამართლობის ფაქტები დაგროვდა და 5 საქმეზე მიღებული არასამართლიანი განაჩენი გახდა ამის ბოლო წვეთი. ადვოკატი როსტიაშვილი ბოლო ერთ თვეში გამოტანილ განაჩენებს უკანონოს უწოდებს. იგი იცავს თაღლითობაში ბრალდებულ ყოფილ პარლამენტარ რობიზონ კალაძეს, ასევე თაღლითობაში მხილებულ რესპუბლიკური პარტიის წევრ სიმონ გაბრიელაშვილს, ავტოსაგზაო შემთხვევაში დადანაშაულებულ დავით დემეტრაშვილს, თანხის მითვისებაში ბრალდებულ ნიკოლოზ გელაშვილს და მკვლელობაში ბრალდებულ ცეზარ ოჩიაურს.
ზურაბ როსტიაშვილი, ადვოკატი:
– ბევრი ვიფიქრე, რა ფორმით გამომეხატა პროტესტი იმ უსამართლობაზე, რაც სასამართლოში ხდება, ამიტომ გადავწყვიტე შიმშილობა. ფსიქოლოგიურად მზად ვარ და მჯერა, უფლის დახმარებით ამას შევძლებ. ეს არის სიგნალი მოსამართლეებისთვის.
გეყოთ, ბატონებო, ამდენი უკანონობა, დაფიქრდით, რას ჩადიხართ! თავს ვაკლავ მტკიცებულებების მოგროვებას, პროცესზე მომზადებული გამოვდივარ, ვამტკიცებ პირის უდანაშაულობას, უამრავ მტკიცებულებას ვდებ, სადაც ცალსახად ჩანს პირის უდანაშაულობა, მაგრამ მოსამართლე მაინც პროკურატურის პოზიციას იზიარებს და გამოაქვს უკანონო განაჩენი... სრულიად უდანაშაულოდ ზის ციხეში რესპუბლიკური პარტიის წევრი, სიმონ (გოჩა) გაბრიელაშვილი. თაღლითობაში დასდეს ბრალი და 7 წელი მიუსაჯეს. ეს ადამიანი დევნილია, დუშეთში არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას და მონაცემები გაუყალბა ხელისუფლებამ. ის პოლიტპატიმარია და საქმე შეუთითხნეს. 2005 წელს, 6000 დოლარად ბინა შეიძინა, წვალებით ნაყიდ ბინას ედავებიან, თაღლითურად მიითვისეო. არადა, ბინის მეპატრონე, ებრაელი ქალბატონი, ელენა გარაგაშვილი ამტკიცებს, რომ ეს ბინა ნამდვილად გაყიდა და ფული ნამდვილად აიღო.
მაშინ რატომ ედავებიან?
– ედავებიან, რომ ყალბი მინდობილობით იყიდა. ბებიამ შვილიშვილი გამოაგზავნა რუსეთიდან მინდობილობით და ბინა 6000 დოლარად გაყიდეს. არის ხელწერილი, სადაც წერია, რომ ბინის ფული აიღეს, დადასტურებულია, რომ ეს თანხა საქართველოს ბანკით მეპატრონესთან გაიგზავნა. ბინის მეპატრონე ამბობს, რომ ფული მიიღო და არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. საქმეში მომჩივანი არ არის. ჩვენმა პოლიციამ რუსეთში მცხოვრებ ელენა გარაგაშვილს გაუგზავნა შეტყობინება, შეგიძლია, შენი ბინა გაყიდოო. ქალბატონი იმდენად წესიერი აღმოჩნდა, მოწერა ძალოვნებს, ბინა გაბრიელაშვილებს მივყიდეო. უფრო მეტიც, როცა გაიგო მისი დაკავების ფაქტი, 2010 წელს, ახალი მინდობილობა გამოუგზავნა გაბრიელაშვილს, სადაც წერია, ეს ბინა შენი საკუთრებაა და როგორც გინდა, ისე განკარგეო. სასამართლომ ეს მინდობილობა საქმეს არც კი დაურთო. ამდენი მტკიცებულებების მიუხედავად, სიმონ გაბრიელაშვილს 7 წელი მიუსაჯეს და მისი წვალებით ნაყიდი ბინა სახელმწიფომ მიისაკუთრა, ეს არ არის რეკეტი? სად არის სამართალი? ვაცხადებ, გაბრიელაშვილი პოლიტიკური პატიმარია.
დავით დემეტრაშვილს რას ედავებიან?
–ავტოსაგზაო შემთხვევა ახალდაბაში მოხდა და ორი ადამიანი დაიღუპა. დემეტრაშვილი ფხიზელი მართავდა მანქანას და ბორჯომიდან თბილისისკენ მოძრაობდა. დაზარალებულების მანქანა გადავიდა დემეტრაშვილის მხარეს და მოხდა შეჯახება. საქმეში არსებობს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული 5 დასკვნა, სადანაც ცალსახად დადასტურდა, რომ დემეტრაშვილი უდანაშაულოა. პროცესზე დაკითხულმა ექსპერტმაც კატეგორიულად დაადასტურა ეს ფაქტი, მაგრამ ამის მიუხედავად, ბრალდებულ დემეტრაშვილს 8 წელი მიუსაჯეს. მართალია, ძალიან მძიმე შედეგი დადგა, მაგრამ ამის გამო უდანაშაულო ადამიანი ხომ არ უნდა დაისაჯოს? ჩვენი ინფორმაციით, გამომძიებელი დაზარალებულების ნათესავია და მან ყველაფერი გააკეთა ამ შედეგისთვის. მოსამართლემ კი უტყუარ მტკიცებულებებზე თვალი დახუჭა, დაბრმავდა და უდანაშაულო პირი გაამტყუნა... რაც შეეხება ცეზარ ოჩიაურს, მას მკვლელობაში დასდეს ბრალი და 13 წელი მიუსაჯეს. არადა საქმეში დევს ექსპერტის კატეგორიული დასკვნა, რომ პირმა დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა...
ახალი საპროცესო კოდექსით, მხარეები პროცესზე თანაბარი უფლებებით სარგებლობთ და შედეგი შეჯიბრობითობის პრინციპზეა დამყარებული. თუ მტკიცებულებები გაქვთ, რატომ ვერ იგებთ პროცესებს?
–არავინ მოგატყუოთ, რომ მტკიცებულებებს მნიშვნელობა აქვს. რასაც პროკურორი იტყვის, ის არის მოსამართლისთვის მთავარი. ბევრჯერ მინატრია, კარგი იქნებოდა, რომ შემეძლოს პროკურორი რინგზე გამოვიწვიო- მეთქი. როცა ვხედავ, უამრავი მტკიცებულებით ჩემს სიმართლეს ვერ ვამტკიცებ, მაშინ მინდება პროკურორი “ნოკაუტში” ჩავაგდო. რომ წაიქცევა და ფეხზე ვერ დადგება, მაშინ მაინც ხომ ჩამითვლიან, რომ სუფთად და პატიოსნად მოვიგე. სხვანაირად არაფერი გამოდის.
ამასწინათ სააპელაციო სასამართლოში ერთი საათი ვამტკიცებდი პირის უდანაშაულობას. ისეთი მტკიცებულებები დავალაგე, არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს დადებდა, მაგრამ პროკურორის ერთი ფრაზა, _ უსაფუძვლოა და არ დაკმაყოფილდეს ადვოკატის საჩივარი, _ გახდა საკმარისი იმისთვის, რომ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოეტანა. ერთადერთხელ დადგა გამამართლებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში. ძარცვაში ბრალდებულ ცოფურაშვილს ვიცავდი. 23 წლის ბიჭი სრულიად უდანაშაულოდ იყო დაკავებული. დავამტკიცეთ, რომ ის შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა, არც მისი აღნაგობა და სიმაღლე ემთხვეოდა მძარცველის მონაცემებს. უამრავი მტკიცებულება დავდეთ და მოსამართლე ლია ორკოდაშვილმა 2010 წელს, ცოფურაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა, მეგონა გაჩნდა სამართლის ნაპერწკალი, რადგან ასეთი განაჩენებით განებივრებულები არ ვართ. ვიფიქრე, გვეშველა, მაგრამ მწარედ შევცდი.
პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს განაჩენი ძალაში არ დარჩენილიყო. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაია თეთრაულმა უპრობლემოდ შეასრულა მათი დაკვეთა და ციხიდან სიმწრით გამოსული უდანაშაულო ბიჭი უკან შეაბრუნა. 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ასეთი სამართალი გვაქვს ქვეყანაში. ამ ახალგაზრდას ოდესმე ექნება სამართლიანობის განცდა? ასე უნგრევენ ადამიანებს ცხოვრებას. პროცესებზე დღეს ადვოკატი გამაიმუნებულია. ამ საუკუნეში მართლმსაჯულება მოკვდა. დღეს ადამიანი ფულს თუ გადაიხდის, მკვლელობაც რომ ჰქონდეს ჩადენილი, საპროცესოს უფორმებენ, ეს არის სამართალი? არ ვაპირებ ადვილად მივატოვო შიმშილობა, იმედია, წნევა არ დაეცემა... არც ჩემს დასაცავებს მივატოვებ უყურადღებოდ და შიმშილობის პარალელურად, პროცესებზე მაინც ვივლი.
მოსამართლეებს მივმართავ, გეყოფათ ამდენი უკანონობა. ასე მოქცევა არ შეიძლება. ნუ ჩადიხართ ცოდვებს, უფლის მაინც შეგეშინდეთ, როცა პიროვნება მართალია და ამის უამრავი სამხილი გაქვთ, გამოიტანეთ სამართლიანი განაჩენები. ნუ იქნებით არაობიექტურები, უფალი პასუხს მოგთხოვთ ამ უკანონობებისთვის. გეყოფათ ადვოკატების დაშინებები. მოსამართლეები ხშირად ჯარიმებითაც აშინებენ ადვოკატებს...
საშინელი მდგომარეობაა ასევე მერვე საპყრობილეშიც, გრძელდება პატიმრების ცემა- წამება. ჩემი ერთი პატიმარი სასტიკად ნაცემი დამხვდა, მითხრა, არ გაახმაურო, თორემ მომკლავენო. მართალიც არის ეშინია, რამდენი ნაწამები პატიმარია ციხიდან გამოსვენებული და ვინმემ აგო ამაზე პასუხი? სანამდე უნდა გაგრძელდეს ქაოსი და უკანონობა ქვეყანაში? ხალხნო, შეჩერდით!
1303
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85