მამუკა ქანთარია, "გურია ნიუსი"
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გურიის გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებს სამომავლოდ გაზეთების გამოწერა აუკრძალა.
არადა, ეს იმ ფონზე, როცა ადამიანებს გაზეთის კი არა, პურის საყიდელი ფულიც სანატრელი აქვთ, ბიბლიოთეკებში რიგებია ამა თუ იმ გაზეთის წასაკითხად.
"რად გინდათ ეს ოპოზიციური გაზეთები?! თუკი ვინმეს წაკითხვა უნდა, კეთილი ინებოს და იყიდოს _ ჩვენ რატომ დავაფინანსოთ ჩვენი ლანძღვის გავრცელება?" _ უბრძანებიათ ბიბლიოთეკებისთვის, თითქოს, ბიუჯეტის ფული ხელისუფლებას საკუთარმა წინაპრებმა დაუტოვეს ანდერძით; თითქოს, ეს ფული ისევ იმ მოსახლეობისგან გადახდილი გადასახადი არაა, რომელიც ბიბლიოთეკებში დადის და ჟურნალ-გაზეთებს კითხულობს. თანაც, საიდან მოიტანეს ჩინოვნიკებმა გაზეთების ოპოზიციურობა, გაუგებარია _ ობიექტური გაზეთები ყოველთვის სიმართლეს წერენ, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის ქმედებებზე. ხოლო თუ კი ვინმე ფიქრობს, რომ რაკი ხელისუფლებას დითირამბებს არ ვუძღვნით, ეს "ოპოზიციონერობას" ნიშნავს, ძალიან ცდება!
რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციას ოფიციალურად არავინ გვიდასტურებს, თუმცა, პირად საუბრებში ამას არავინ მალავს: "გურიის ხელისუფლებას განსაკუთრებით არ მოსწონს და ნერვებს უშლიან გამოცემები, სადაც გურული ხელისუფლების შესახებ მამხილებელი წერილები ქვეყნდება. როცა რამე დაიწერება, მოვარდებიან გამგეობა-საკრებულოდან და მიაქვთ გაზეთები დასაქსეროქსებლად. არც ერთი გაზეთი არ მოსწონთ, რომელშიც სიმართლე იწერება. როგორც ჩანს, მაგ გაზეთების გამოწერის აკრძალვა "ზემოდან" მოდის, თორემ, ადგილობრივები მაგას ვერ გაბედავდნენ," _ ამბობს ჩვენი წყარო.
ჩვენ ჯერ კიდევ თვეების წინ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გურიის გუბერნატორმა თავის თანამშრომლებს აუკრძალა იმ გაზეთების წაკითხვა, რომლებშიც კრიტიკული წერილებია გამოქვეყნებული: "ვერ გეტყვით, რომ პირდაპირ დაავალა თანამშრომლებს არ წაიკითხონ, მაგრამ ვისაც იმ გაზეთს დაუნახავს, სადაც სამხარეოზე ან ზოგადად, გურიის ჩინოსნებზე წერია, აშკარად ბრაზდება. ამის გამო, სამხარეო ადმინისტრაციაში გაზეთს ჩუმ-ჩუმად კითხულობენ. ხომ იცით, აკრძალულ ხილზე უფრო მეტი მოთხოვნაა," _ გვითხრა საჯარო მოხელემ, რომელიც ვინაობის კონფიდენციალობის დაცვას გასაგები მიზეზის გამო, განსაკუთრებით გვთხოვს.
ჩვენთან საუბარში ვალერი ჩიტაიშვილი ყოველთვის უარყოფდა იმ ფაქტს, რომ მან ვინმეს გაზეთების წაკითხვა ან კომენტარების მიცემა აუკრძალა. "არ ვარ ის ადამიანი, რომელიც გაზეთებსა და ჟურნალისტებზე კრიტიკული წერილების გამო ვბრაზდებოდე," _ ეს გურიის გუბერნატორის სიტყვებია.
გუბერნატორმა, შესაძლოა, ასეთი გადაწყვეტილება "ზემოდან" დირექტივის გამო მიიღო. ბიბლიოთეკებისთვის გაზეთების გამოწერის აკრძალვით, ხელისუფლება ცდილობს გაზეთებს "სამაგიერო გადაუხადოს". არადა, ამაში ლოგიკა არ არის _ თუ "ზემოდან" მოსული დირექტივაა, გამოდის _ მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება ბიბლიოთეკებისთვის "აკრძალვები", მაგრამ ამით გაზეთების ტირაჟებს ვერ დაარტყამენ, რადგან მაქსიმუმ, 100-მა ბიბლიოთეკამ 100 ეგზემპლარი გაზეთი გამოიწეროს. ამ აკრძალვით, უბრალოდ, ადამიანებს, რომლებსაც ფული არ აქვთ, გაზეთის წაკითხვის საშუალებას უსპობენ! დღევანდელი ხელისუფლებისთვის ხომ ბიუჯეტის თანხების "მიზნობრიობა" თავად რაც არგიათ, ისაა, თორემ, სულ არ აინტერესებთ ბიბლიოთეკების სამკითხველოებში გაზეთების წაკითხვაზე არსებული რიგები. ხელისუფლება გაზეთების არგამოწერას ბიუჯეტის სახსრების "ეკონომიის სურვილით" ხსნის, სამაგიეროდ, ხალხის ფულს გულუხვად ურიგებს იმ შტატებგაბერილ სამსახურებს, რომლებშიც "ნაციონალების" მხარდამჭერებს ასაქმებენ. ასეთთა შორისაა ბიბლიოთეკები _ რა საჭიროა ამდენი თანამშრომელი, თუ ბიბლიოთეკას გაზეთები და წიგნები არ ექნება?
ეს რომ გურიის პირველკაცის მოფიქრებული არ უნდა იყოს, იქიდანაც ჩანს, რომ ბოლო დროს მედიაზე ზეწოლა უფრო გლობალურად და მიზანმიმართულად მიმდინარეობს. სახელისუფლებო შეტევის კონტურები კარგა ხანია მოჩანს _ თუნდაც რეგიონებში ანალოგიური ქმედებებითა და ახლა დედაქალაქში წამოწყებული "ჯიხურების ომით". აშკარაა, რომ ხელისუფლებას არ "აწყობს" უმართავი გაზეთები და "ინტრიგანი" ჟურნალისტები, თუმცა მედიასთან ბრძოლა არც ერთ ხელისუფლებას რომ არ მოუგია, როგორც ჩანს, "ნაციონალურ ელიტას" დაავიწყდა.
ჩვენ კომენტარისთვის გურიის გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილს დავუკავშირდით:
_ ბატონო ვალერი, როგორც გვითხრეს, ბიბლიოთეკებს მომავალი წლიდან გაზეთების გამოწერა აეკრძალათ...
_ ვინ გითხრათ ეს?
_ ამბობენ, თქვენი დავალება ყოფილა!
_ არა, რას ამბობთ?! ბიბლიოთეკაში უნდა ჰქონდეთ გამოწერილი ის გაზეთები, რაც ხალხს აინტერესებს.
_ ჰოდა, რაც აინტერესებს, იმათ არ გამოიწერენო!
_ ტყუილია, არ დაიჯეროთ!
გუბერნატორის ასეთი კომენტარის მიუხედავად, ჩვენი რამდენიმე წყარო ამბობს, რომ ახალი წლიდან, "დეზინფორმაციის გამავრცელებელ" გაზეთებს ბიბლიოთეკაში ვერავინ წაიკითხავს! ვნახოთ, ერთი თვეც მალე გავა და იმედია, გუბერნატორს თავისივე უფროსობა თავისივე სიტყვებს უკან არ წააღებინებს!
მოკლედ, საქართველოში მალე ისეთი დრო დადგება, როგორც ერთ ანეკდოტშია: ბოლშევიკები მაგიდასთან სხედან და ლენინის მიერ გამოცემულ გაზეთ "ისკრას" კითხულობენ. კარზე კაკუნია. ბოლშევიკები სასწრაფოდ მალავენ "ისკრას" მაგიდის ქვეშ და მაგიდაზე არაყს დგამენ.
ამ ანეკდოტს გაგრძელებაც აქვს, რომელიც დღევანდელ სიტუაციას ასე შეიძლება მოერგოს: ჩინოვნიკები მაგიდასთან სხედან და ე. წ. "ოპოზიციურ" გაზეთს კითხულობენ. კარზე კაკუნია. ჩინოვნიკები გაზეთს მაგიდის ქვეშ მალავენ და ხელში უჯრიდან სასწრაფოდ ამოღებულ სახელისუფლებო გაზეთს იჭერენ ან ტელევიზორს "რუსთავი 2"-ზე რთავენ!
929
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85