გურამ ოდიშარია - საქართველოსა და თურქეთში საერთო კულტურის ძეგლების აღდგენაზე პრეზიდენტს ხელი კვლავ არ მოუწერია

გურამ ოდიშარია - საქართველოსა და თურქეთში საერთო კულტურის ძეგლების აღდგენაზე პრეზიდენტს ხელი კვლავ არ მოუწერია

საქართველოსა და თურქეთში საერთო კულტურის ძეგლების აღდგენა-რესტავრაციის შესახებ დოკუმენტზე პრეზიდენტს ხელი კვლავ არ მოუწერია.

როგორც დღეს კულტურის სამინისტროში, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციისაგან წერილობითი პასუხი აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით კვლავაც არ მიუღიათ. ამის მიუხედავად, ოდიშარიამ აღნიშნა, რომ სამინისტრო გულხელდაკრეფილი არ არის და საკუთარი კონტაქტებით ცდილობს,
თურქეთის კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით შედგეს ქართველი სპეციალისტების კიდევ ერთხელ იშხანში ჩასვლა და იქ ტაძარზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებზე დაკვირვება.

ოდიშარიას თქმით, ივნისში, ბაქოში, მინისტერიალზე იმყოფებოდა, სადაც თურქეთის კულტურის მინისტრის მოადგილეს შეხვდა და თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა, რომ ქართველი სპეციალისტების ჯგუფი იშხანში დაუშვან. ოდიშარიამ აღნიშნა, რომ ამ მხრივ სიტუაცია რთულია. თურქეთსა და საქართველოს შორის საერთო ხელშეკრულების გაფორმებამდე, საქართველოს მხარეს ტაძრებზე აღდგენით პროცესებში მონაწილეობის უფლება არ ეძლევა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოსა და თურქეთში საერთო კულტურის ძეგლების აღდგენაზე ხელშეკრულება პრეზიდენტს ხელმოსაწერად თებერვალში გადაუგზავნა. პრეზიდენტი ამ ხელშეკრულებას ხელს იმის გამო არ აწერს, რომ ეს დოკუმენტი რაბათზე გარკვეულ ცვლილებებს ითვალისწინებს.