სახელმწიფო თანამდებობის პირს, რომელიც წარდგენილია პრეზიდენტობის კანდიდატად, კანონი არჩევნებამდე თანამდებობის დატოვებას არ ავალდებულებს. ამ თვალსაზრისით საპრეზიდენტო კანდიდატებთან მიმართებაში არსებული ნორმა განსხვავებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვის დაწესებული ნორმებისგან, რადგან მთელი რიგი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, თანამდებობიდან გადადგნენ, თუკი კენჭს საპარლამენტო არჩევნებში იყრიან. ასეთი მოთხოვნა "საარჩევნო კოდექსში" პრეზიდენტობის კანდიდატებთან მიმართებაში არ წერია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ იმის მიუხედავად, თუ რა წერია საარჩევნო კოდექსში, მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯია, რომ მინისტრი, მას შემდეგ, რაც საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირდება და საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება, გადადგეს.
"ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვინმეს არ გაუჩნდეს ეჭვები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და ასე შემდეგ. ეს თავისთავად სწორი იდეაა, იმის მიუხედავად, თუ რა წერია კანონში", - აცხადებს თინა ხიდაშელი.
პრეზიდენტის განკარგულებით, საპრეზიდენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. თუმცა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან სხვა თარიღიც - 27 ოქტომბერი დასახელდა, რაც მოგვიანებით, მათივე მხრიდან, ტექნიკურ შეცდომად შეფასდა.