საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი მიხეილ სააკაშვილისგან საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლომდე გახანგრძლივებას და არჩევნების ოქტომბრის ბოლო რიცხვებში ჩატარებას ელოდა. ამასთან, დეპუტატი მიესალმება სააკაშვილის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მან არჩევნების თარიღი ადრე გამოაცხადა და ამ თვალსაზრისით დადგენილ ბოლო ვადებს არ დაელოდა.
"მივესალმები, რომ მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების თარიღი ასე ადრე გამოაცხადა. ის არჩევნებს ყოველთვის 60 დღის ვადაში ნიშნავდა და ამ ცხრა წლის განმავლობაში ვერ მივაღწიეთ, რომ თარიღი უფრო ადრე გვცოდნოდა. ეს მისასალმებელია - როგორც ჩანს, ამ თვალსაზრისით 1-ელმა ოქტომბერმა მასზეც იმოქმედა. სხვა მხრივ მოსალოდნელი იყო, რომ პრეზიდენტობის უფლებამოსილების ვადას ბოლომდე "გაწელავდა" და ისე მოიქცა, როგორც ველოდით", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თინა ხიდაშელმა.
იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით კი, რომელიც საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვილნიუსის სამიტის გამო გახანგრძლივებას და ამის საფუძველზე არჩევნების თარიღად ოქტომბრის ბოლო კვირის შერჩევას ეხება, ხიდაშელი აცხადებს, რომ არსებობს ვარიანტი იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ვილნიუსის სამიტის თემას უკავშირდებოდეს, მაგრამ დეპუტატის აზრით, სააკაშვილს სამიტამდე პრეზიდენტის უფლებამოსილების შენარჩუნების ძალიან თეორიული შანსები აქვს. "ამის პრაქტიკული განხორციელების შანსები ძალიან ნაკლებია, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით მის თავში რა ტრიალებს?", - აღნიშნა ხიდაშელმა.
ამასთან, ხიდაშელის ცნობით, ხვალიდან საერთაშორისო ორგანიზაციებში ოფიციალური მოწვევები გაიგზავნება, საპრეზიდენტო არჩევნებში დამკვირვებლების მოწვევის მიზნით.
დღეს საპრეზიდენტო არჩევნების ორი თარიღი დასახელდა. თავდაპირველად პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს ტარდება. დღის ბოლოს კი საგანგებო ბრიფინგი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა გამართა, რომლის თქმით, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას და არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.
პრეზიდენტის განკარგულება საპრეზიდენტო არჩევნების 31 ოქტომბერს დანიშვის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია.