საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მუშაობა განაახლა.
კომისიის მუშაობას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი, რეგიონული და ინფრასრუქტურული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ სანიკიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კახებერ საკანდელიძე და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი შედიან.
თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, კომისია საარჩევნო პროცესის შესახებ მიწოდებულ ინფორმაციას, ასევე მედიით გავრცელებული ცნობებს შეისწავლის და საჭიროების შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურეებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ წინადადებებს და რეკომენდაციებს შეიმუშავებს, ასევე რეაგირებას მოახდინს სხვა გამოვლენილ ფაქტებზე. ამ მიზნით კომისია პოლიტიკურ პარტიებთან, სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა სუბიექტებთან ითანამშრომლებს.
თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, პრეზიდენტის ინიციატივით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი პირველად 2008 წლის 5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეიქმნა. პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორსა და მთავრობას შორის თანამშრომლობის ეს ფორმატი 2008 წლის 21 აპრილის საპარლამენტო და 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების პერიოდშიც მუშაობდა, რის გამოც მისი ინსტიტუციონალიზაცია საკანონმდებლო დონეზე მოხდა და უწყებათაშორისი კომისიის შექმნის ვალდებულება ახალ საარჩევნო კოდექსში აისახა.