საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ში, არიზონას შტატში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას ტრაგედიის გამო, რომლის დროსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 19 მეხანძრე დაიღუპა. სამინისტრო თანაუგრძნობს და თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს", - ნათქვამია განცხადებაში.
სულ მცირე 19 მეხანძრე ემსხვერპლა აშშ-ში, არიზონას შტატში მომხდარ ძლიერ ხანძარს. ამის შესახებ USA Today იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, ხანძარი პარასკევს გაჩნდა და მაღალი ტემპერატურის, დაბალი ტენიანობისა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა.
ხანძრის შედეგად 200 სახლი განადგურდა. ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე 200 მეხანძრე ცდილობს.
გამოცემის ინფორმაციით, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, ეს, ერთი ხანძრის დროს დაღუპული მეხანძრეების ყველაზე დიდი რაოდენობაა.