პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, პარტიამ და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებმა ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა უნდა მიმართონ.
პრეზიდენტობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ცესკოს თავმჯდომარე, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა ატარებს.
პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 10 დღისა, მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც წერილობითი განცხადებით ცესკოს უნდა მიმართოს.
კონსტიტუცია და საარჩევნო კანონმდებლობა პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ჩატარებას საარჩევნო წლის ოქტომბრის თვეში ითვალისწინებს. ასევე კონსტიტუცია და საარჩევნო კოდექსი პრეზიდენტს შესაძლებლობას აძლევს არჩევნების თარიღი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა დანიშნოს, თუმცა, ქვეყნის პირველი პირი ვადის ამოწურვას არ დაელოდა და არჩევნები თითქმის მთელი ოთხი თვით ადრე დანიშნა.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს ტარდება. დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.