საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ პოლიტიკა სავაჭრო თემა არ უნდა გახდეს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
ამით მანჯგალაძე თბილისის საკრებულოს წევრ კოკი იონათამიშვილის მიერ პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა. "მე შემიძლია მოკლედ გაგცეთ პასუხი და ამაზე მეტ საუბარს აღარ გავაგრძლებ. პრეზიდენტი ფიქრობს და ვარაუდობს, რომ პოლიტიკა არ უნდა გახდეს სავაჭრო თემა", - აღნიშნა მანჯგალაძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ კოკი იონათამიშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. ის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩება. დღესვე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა იონათამიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილისადმი მიწერილი წერილი, სადაც ის ვალების გასტუმრებაში დახმარებას ითხოვს. წერილში იონათამიშვილი ქვეყნის პირველ პირს პირადი ბიზნესიდან წილების გასხვისების სურვილს უმხელს და დახმარებას სთხოვს.