მსგავსი სისაძაგლე და სისასტიკე არ მინახავს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეომასალების შეფასებისას განუცხადა. მისი თქმით, დეპუტატებმა ვიდეოჩანაწერებს ბოლომდე ვერ უყურეს.
"ბოლომდე ვერ ვუყურეთ რაღაც ნაწილი ვნახეთ. ამის გადმოცემა ემოციით შეუძლებელია. ეს არის არაადამიანური. არ ვიცი როგორ შეიძლება ახსნა ან გაამართლო მსგავსი საზიზღრობა, რაც ხდებოდა, მითუმეტეს მაშინ, როცა ეს ხდებოდა ოფიციალურ სტრუქტურებში, პოლიციის მაღალჩინოსნების დავალებით და მონაწილეობით, ამის ახსნა როგორ უნდა მოხდეს არ ვიცი. მსგავსი სისაძაგლე და სისასტიკე მე არ მინახავს", - განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, დეპუტატებმა გამომძიებლებისგან მიიღეს ინფორმაცია, კადრებში არსებული პირებიდან რომელი პირები არიან დაკავებულნი.
"ვიდეოში რომელიმე პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია. თუმცა, გამომძიებლებისგან მივიღეთ ინფორმაცია, თუ რომელი პოლიციელები არიან დაკავებულნი, რომლებიც ამ კადრებში ჩანან", - აღნიშნა ბესელიამ.