საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები აშშ-ს ევროპელი დიპლომატების მოსმენისთვის აკრიტიკებენ. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა აშშ-ს მოუწოდა, "დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ევროპელი, მათ შორის ფრანგი დიპლომატების, მოსმენები".
"მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს მოსმენები. ჩვენ ვერ დავუშვებთ მსგავს ქმედებას", - განაცხადა ოლანდმა.
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით კი, "მეგობრების მოსმენა მიუღებელია".
თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის მიზნით მსგავსი ქმედებები "მიუღებელი" არ არის საერთაშორისო ურთიერთობებში.
გასული კვირის ბოლოს, გერმანულმა "შპიგელმა" და ბრიტანულმა "გარდიანმა" ინფორმაცია გაავრცელეს, რომ ამერიკული სპეცსამსახურები, ჯაშუშური პროგრამების მეშვეობით ევროპელი დიპლომატებისა და ევროკავშირის ხელმძღვანელობის მოლაპარაკებებს, მიმოწერასა და დოკუმენტებს იგდებდა ხელში.
ინფორმაციამ იმდენად აღაშფოთა ევროპელი პოლიტიკოსების ერთი ნაწილი, რომ ისინი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების ინიციატივით გამოვიდნენ.