საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მანანა კობახიძე და ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე, სამეგრელოში აღმოჩენილ წამების ამსახველი ვიდეომასალების ჩვენებას არ დაესწრნენ.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას უშუალოდ მსხვერპლებისგან ჰქონდა ინფორმაცია თუ რას უშვებოდნენ პატიმრებს.
"იდენტიფიცირება შეუძლებელია. ვიცი რომ არის დაფარული. საკმაოდ მძიმეა როგორც ჩანს ეს კადრები და არ ვთვლი საჭიროდ, რომ ეს ვნახო. რაც აქ არის წარმოდგენილი, ჩემთვის რამდენიმე პატიმარს მოყოლილიც აქვს. ეს არის უმძიმესი კადრები", - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება გამოძიებას, როგორც ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა, შსს-სგან მიიღეს ინფორმაცია, თუმცა დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან ვერ ისაუბრებს.
"დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში არის ამაზრზენი და ვინც ამას აკეთებდა უნდა დაისაჯოს სრული სიმკაცრით. ყველა ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, რომელმაც იოტისოდენათი მაინც შეუწყო ხელი ამ დანაშაულს. მე ყველანაირად გვერდში დავუდგები და დავეხმარები შინაგან საქმეთა სამინისტროს", - განაცხადა ჩიქოვანმა.