საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის "ნაციონალურმა მოძრაობამ" უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე პარტიის გადასარჩენად წამოწია.
ამის შესახებ ვოლსკიმ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საპრეზიდენტო კადიდატის შესარჩევად დაწყებული პრაიმერის შეფასებისას განაცხადა.
"მე არ მგონია, რომ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის გამარჯვებაზე საუბარი სერიოზული განხილვის თემა შეიძლება, იყოს. მე ვფიქრობ, არსებობს ადამიანების ჯგუფი, რომელიც წინ არის წამოწეული და ისინი შეიძლება, პოლიტიკურად გადარჩნენ, თუ ისინი საზოგადოებამ მიიღო. მინდა, ვანო მერაბიშვილის ფაქტორიც გავიხსენო, ეს იყო ადამიანი, რომელიც პრეზიდენტი ვერასოდეს გახდებოდა, პარტიის გენერალური მდივანი იმიტომ გახდა, რომ პოლიტიკური კონიუნქტურისთვის იყო საჭირო. იქამდე იყო პრემიერ-მინისტრი, რომელსაც რეალურად არანაირი ფუნქცია არ ჰქონდა და იქ იმიტომ დაინიშნა, რომ შს მინისტრობიდან უნდა წასულიყო. ახლა კიდევ საუბრობენ ამ ადამიანის დაკავებაზე და პოლიტიკურ ზეწოლაზე. ეს არასერიოზულია. ყველამ ვიცოდით, რომ დავით ბაქრაძე გახდებოდა პარტიის ლიდერი. მათ დავით ბაქრაძე სწორედ გადარჩენისთვის აირჩიეს. იუმორიც აქვს, გიტარაზეც უკრავს თქვენ წარმოიდგინეთ, საერთაშორისო ენაც გაეგება და რომ დავივიწყოთ მისი წარსული და ა.შ., შეიძლება, ითქვას, რომ ის სწორედ იმიტომ კი არ წამოწიეს, რომ ეს ქვეყანას სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ პარტია გადარჩეს", - განაცხადა ვოლსკიმ.