"ადამიანის წამების ამსახველი კადრების ჩვენება კატეგორიულად მიუღებელია"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ადამიანის წამების ამსახველი კადრების ჩვენება კატეგორიულად მიუღებელია. 

ამის შესახებ მან სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირების პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დაგეგმილი ჩვენების კომენტირებისას განაცხადა.

"ჩვენ ვერ დავესწრებით ამ სხდომას. მე პირადად, კატეგორიულად მიზანშეუწონლად მიმაჩნია სხვისი პირადი ცხოვრებისა და წამების ამსახველი კადრების ჩვენება პარლამენტიდან მთავრობაში და რაიონიდან რაიონში. ეს არ არის ნორმალური პროცესი და არ არის ის, რასაც ხელისუფლება უნდა აკეთებდეს. ხელისუფლება უნდა იძიებდეს, ვინ არის დამნაშავე და რაც შეიძლება, სწრაფად. ნებისმიერი თანამდებობის პირი, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური მოძრაობიდან და რა ტიპის პარტიიდანაა და რამდენად მაღალი თანამდებობა ეკავა, უნდა იყოს დასჯილი", - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურულ სხდომაზე ე.წ. "ჯიჰადის ვიდეოებისა" და სამეგრელოს სამალავებში არსებული მასალების შესახებ მსჯელობენ.

დღესვე პარლამენტის წევრები სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებსაც ნახავენ.