"როცა ქვეყანაში 50 წელი ცხოვრობ, აზროვნებას ვერ შეიცვლი"

საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა კინორეჟისორმა – ოთარ იოსელიანმა “ბიბისი“–ს მიმომხილველთან ინტერვიუში, ქართული კონომატოგრაფიის წარსულსა და აწმყოზე ისაუბრა.

ოთარ იოსელიანი ლონდონში ქართული კინოს ფესტივალს ესწრება, რომლის ფარგლებშიც მისი ბოლო ფილმი “შანტრაპა“ მონაწილეობს. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი ახალგაზრდა ქართველი რეჟისორია, რომელიც საფრანგეთში მიემგზავრება. ალექსანდრ კანთან საუბრისას ოთარ იოსელიანი ამბობს, რომ ეს ფილმი არ არის მისი ავტობიოგრაფია, ის ზოგადად ავტორიტარულ ეპოქაში დაბადებული ხელოვანის ავტობიოგრაფიაა.

“ეს ჩვენი ყველას ბიოგრაფიაა. ჩვენ გავაკეთეთ ფილმი იმის შესახებ, რომ ადამიანები ქვეყნიდან, სადაც რთულია იცხოვრო, სხვა ქვეყანაში უკეთესი მომავლის იმედით მიდიან“. რეჟისორის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ის საფრანგეთში მოღვაწეობს, მაინც ქართულ კინოს იღებს.

“როცა ქვეყანაში 50 წელი ცხოვრობ, აზროვნების შეცვლას ვერ შეძლებ. ამიტომ ქართული კინოს გადაღებას ვაგრძელებ – თუნდაც საფრანგეთში. მადლობა ღმერთს, რომ კულტურის ენა საფრანგეთშიც და საქართველოშიც იგივეა. შესაძლოა ეს „

“იუდა-ქრისტიანული“ ენაა, სადაც ბოროტისა და კეთილის გაგება ერთია. სხვათა შორის შემთხვევითი არაა, რომ გიორგი დანელიამ თავისი ცნობილი ფილმი “არ დაიდარდო“, ფრანგული რომანის მიხედვით გადაიღო“, - ამბობს ცნობილი რეჟისორი.

მისივე თქმით, მაყურებელი საფრანგეთშიც ისევე შეპყრობილია ჰოლივუდურ-საბჭოთა კინოს გავლენით, როგორც სხვაგან. ოთარ იოსელიანმა აქვე ქართული კინოს წარსულსა და განვითარების პრესპექტივებზეც ისაუბრა. მისი აზრით, ეპოქა, რომელშიც ერთდროულად ელდარ და გიორგი შენგელაიები, თენგიზ აბულაძე, მიშა კობახიძე მუშაობდნენ საბჭოთა და, ზოგადად, მსოფლიო კინემატოგრაფიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა, თუმცა ეს ეპოქა დასრულდა.

“ეს ერთგვარი ირონიული კინო იყო. როცა ხელისუფლებამ აღმოაჩინა, რომ არავინ ხუმრობს და ყველაფერი სერიოზულადაა, უკვე გვიან იყო. შემდეგ გადაიკეტა ფინანსირების გზები და ქართული კინემატოგრაფიაც გაქრა. თუმცა, ცოტა ხნის წინ თბილისში ვიყავი და ვნახე ლევან კოღუაშვილის მშვენიერი ფილმი “ქუჩის დღეები“, რომელიც მძიმე პრობლემას ნარკომანიას ეძღვნება. არიან სხვა ნიჭიერი ახალგზარდა რეჟისორებიც. გამოჩნდა მცირე ფინანსური მხარდაჭერაც, მთელი იმ კორუფციის მიუხედავად, რომელიც საქართველოსა და რუსეთშია. დღეს საქართველოში 79 რეჟისორია, რომლებსაც საქმე არ აქვთ – ეს უმსგავსობაა“, - ამ სიტყვებით ასრულებს ქართველი რეჟისორი საუბარს.