კოკი იონათამიშვილი მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს

კოკი იონათამიშვილი მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს

კოკი იონათამიშვილი საკრებულოში მუშაობას ამ ეტაპზე დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად კოკი იონათამიშვილმა განუცხადა და "ქართულ ოცნებაში" შესაძლო გადასვლა კატეგორიულად გამორიცხა. 

"არანაირ თავშესაფარს არ ვეძებ. "ქართულ ოცნებაში" გადასვლა არც მიფიქრია. ჯერ ვიქნები დამოუკიდებელი წევრი, შემდეგ ვნახოთ",- აღნიშნა იონათამიშვილმა.

მისივე განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების მიუხედავად, არ აპირებს საკრებულოში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებში მონაწილეობის მიღებას.

"ჩემი აზრით, დანაშაულებთან, რომელსაც თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" აღიარებენ, არანაირი კავშირი არ აქვს ზაალ სამადაშვილს და საკრებულოს არც ერთ წევრს. მიმაჩნია, რომ ზაალ სამადაშვილი საკრებულოს კარგი თავმჯდომარეა. შესაბამისად, დაანონსებულ საკადრო ცვლილებებში მონაწილეობას არ მივიღებ",-განაცხადა იონათამიშვილმა.

ამასთან, ჟურნალსიტებთან საუბარში მან "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების მიზეზი განმარტა და აღნიშნული დაუკავშირა იმას, რომ ყოფილმა მმართველმა გუნდმა ტრანსფორმაცია ვერ შეძლო.

"როგორც "ქართული ოცნებისთვის" არის აბსოლუტურად შეუძლებელი და გაუგებარი საზოგადოების წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტა, ასევე, ჩემდა სამწუხაროდ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ მოახერხა ტრანსფორმირება, განახლება. ჩემი ხედვით, ის ვერ წარმოადგენს ვერანაირ რესურსს, პტლაფორმას, რომ მე, როგორც მისმა ერთ-ერთმა წევრმა, ვიმოქმედო, რათა ჩვენი ქვეყანა გახდეს უკეთესი",-დასძინა მან.

კოკი იონათამიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების თაობაზე განცხადება დღეს, სოციალური ქსელით გაავრცელა.