გიორგი მარგველაშვილი დავით ზურაბიშვილის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს

გიორგი მარგველაშვილი დავით ზურაბიშვილის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს

ჩემი ფუნქცია არ არის, პოლიტიკოსის განცხადებებზე გავაკეთო კომენტარი, - ასე ეხმაურება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი მისი მოადგილის, დავით ზურაბიშვილის მიერ მერიის მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. 

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, კომპეტენტური უწყების დასკვნამდე ამ თემაზე კომენტარი მას არაკვალიციფიურად მიაჩნია.

"იყო თუ არა დარღვევა მაღალჩინოსანთა აყვანის პროცესში ან სხვა პროცესებში, რომელიც სამართალდამცავმა უწყებებმა განახორციელეს, ამაზე კომპეტენტური ორგანოები დასკვნას დადებენ. დასკვნამდე ამ თემაზე კომენტარი, მიმაჩნია არაკვალიფიციურად. ჩემი ფუნქცია არ არის პოლიტიკოსის კომენტარებზე ვაკეთო კომენტარი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება თბილისის მერიის თანამშრომლების საქმესთან დაკავშირებით რუსთავის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, მარგველაშვილის შეფასებით, აღნიშნულით ნათლად დადასტურდა, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე არავითარი ზეგავლენა არ ხორციელდება.

"ამ საკითხზეც კომენტარის გაკეთებას აზრი აქვს იმის მხრიდან, ვინც პროფესიულად გაიარა ეს თემა. მე შემიძლია გიპასუხოთ უბრალოდ პოლიტიკურად, პოლიტიკურად კი ნათლად გამოჩნდა, რომ ის ბრალდებები, რომელიც პოლიტიკურ კონტროლთან დაკავშირებით იყო, არის აბსურდი. რუსთავის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე არავითარი ზეგავლენა არ ხორციელდება", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა, ოქტომბრის ბოლო კვირაში დანიშნოს, მარგველაშვილის თქმით, "ოქტომბრის ნებისმიერ რიცხვში არჩევნებს "ოცნება" მოიგებს".

"საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში და ოქტომბრის ნებისმიერ რიცხვში, ჩვენ გავიმარჯვებთ", - დასძინა მარგველაშვილმა.

განათლების მინისტრის მოადგილის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, მერიის თანამშრომელთა დაკავების ფორმა "აბსოლუტურად უაზრო იყო".

"ჯერ დასაკითხად აიყვანეს, შემდეგ გაათავისუფლეს და რამდენიმე საათში ისევ დაიჭირეს, …თუ ვიფიქრებთ, რომ მთავარი ვიღაცის დაკავებაა, კანონის ნორმების დაცვა კი მეორეხარისხოვანია, მალე "ნაციონალური მოძრაობის" გზას დავადგებთ", - აცხადებს ზურაბიშვილი "ვერსიასთან" საუბარში.