"ვანო მერაბიშვილის "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივნად დატოვება სწორი არ იყო"

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილი წევრი კოკი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ "ვანო მერაბიშვილის "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივნად დატოვება სწორი არ იყო".

ამის შესახებ იონათამიშვილმა ტელეკომპანია "მე-9 არხის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

"როდესაც არჩევნებს აგებ, ბუნებრივია, რომ რაღაც ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს. ფეხბურთის მწვრთნელებს ხსნიან, როდესაც კარგი შედეგი არ აქვთ. არანაირი ცვლილება არ მოხდა. მე ყველაზე ნაკლებ მინდა, დაკავებული ვიყო ჩემი ყოფილი კოლეგების კრიტიკით, მაგრამ საზოგადოებაში ინტერესი დიდია, აქედან გამომდინარე, რაც დასაშვებია ადამიანური ურთიერთობის ფარგლებში, იმას ვიტყვი. ბევრ რამეს ახლაც არ ვიტყვი. არ მოხდა სწორი შეფასება. იგივე 19 აპრილს ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყება გამოცხადდა. რომელ ახალ ეროვნულ მოძრაობაზეა საუბარი, როდესაც ჩვენ პარტიული სახეებიც კი ვერ შევცვალთ და არც მენეჯმენტი შეიცვალა. ეს რთული იქნებოდა "ნაციონალური მოძრაობისთვის". ეს არ არის მარტო ამ პარტიის პრობლემა. ზოგადად პარტიების მხრიდან ერთმანეთის მიმართ ნდობა საკმაოდ დაბალია, ამას მთელი პრესიტორიები აქვს ობიექტურიც და სუბიექტურიც, როცა ამას აანონსებ, რაღაც ნაბიჯები უნდა მომხდარიყო. ახალ ეროვნულ მოძრაობას რომ აანონსებ, ალბათ, ჰქონდათ მოლოდინი, რომ რაღაცას ვიტყოდით, რომ კონფერენციას ჩავატარებდით. ერთმანეთის მიმართ ნაბიჯებს გადავდგამდით. ჩემდა სამწუხაროდ, ასეთი არაფერი მომხდარა. თვით პარტიის შიგნითაც მე ვერ დავინახე ვერანაირი მზაობა. ძალიან ცუდია, როცა კაცი (იგულისხმება ვანო მერაბიშვილი) ციხეში ზის, იმას თავის პრობლემები აქვს, მაგრამ ბუნებრივია, ეს საზოგადოების ინტერესს იწვევს. ჩემი აზრით, მისი გენერალურ მდივნად დატოვება სწორი არ იყო. ეს სამწუხაროდ, ადამიანური ტრაგედიაა. ჩვენ ის ქალაქიც გვახსოვს, სადაც ადამიანების გარეთ გაშვება საშიში იყო და მეტროს სადგურებთან თავის შვილებს მამები და ძმები ხვდებოდნენ. ყოფით დონეზე კრიმინალი მართლაც შემცირებული იყო. ამის არქიტექტორი სხვებთან ერთად ვანო მერაბიშვილი იყო, მაგრამ დღეს რაც საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება, ჩემი პარტიელებიც აღიარებენ, რომ ყველაფერს ხაზი აქვს გადასმული. ან ნაწილობრივ მაინც უნდა სცოდნოდათ. 13 000 ფაილი თუ არა, 13 შესახებაც მაინც უნდა სცოდნოდათ. ეს ადამიანური ტრაგედიაც არის. ეს მარტო ვანოზე არ არის. პარტიის ტრანსფორმაციაზე როცა ვსაუბრობთ, აქ არა მარტო ვანოოს საკითხი უნდა მდგარიყო, არამედ ზოგადად, თუ პარტიას პოლიტსაბჭო მართავს, იქაც უნდა გადახედილიყო საკითხები და აშ. მე გარკვეულ წევრებთან ამაზე საუბარი მქონდა, მაგრამ ზოგადად მარტო ვანო მერაბიშვილში მე პრობლემას ვერ ვხედავდი", - განაცხადა იონათამიშვილმა და დასძინა, რომ აქედან გამომდინარე, მისი პირადი ნდობა პარტიის მიმართ აბსოლუტურად დაკარგულიაა და მათი შემდგომი გადაწყვეტილებები არაპროგნოზირებადია.

მისივე თქმით, მას აღნიშნულთან დაკავშირებით ჰქონდა საუბარი წევრებთან, რომლებიც კარგი გაგებით პარტიის მამებად ითვლებიან.

"პასუხი არის ის, რომ ინფორმაციის ნაკლებობას განვიცდი, როგორც მე ასევე სხვა ადამიანებიც. ზოგადად პარტიის ხელმძღვანელობას პარტიის წევრი ენდობა. შეიძლება, რაღაც არ მოგეწონოს, მაინც დარჩე პარტიაში და ამას მხარი დაუჭირო, თუმცა არის რაღაც ზღვარი. საერთოდ, რომც არ მესაუბრა ამაზე, თუ ადამიანები დაინტერესებულები იყვნენ იმით, რომ პარტია გადარჩენილიყო, ამაზე უნდა ეფიქრათ და ამაზე პირველ რიგში, იმათ უნდა ეფიქრათ, ვინც პარტიას წლების განმავლობაში მართავდნენ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდნენ. მე არ ვიცი, მათ ეს რატომ არ გააკეთეს. გონებრივი რესურსი არ ეყოთ თუ სხვა რამ, მაგრამ ეს პირველ რიგში, პარტიის მხარდამჭერებს და საზოგადოებასაც უნდა აუხსნან, მაგრამ ფაქტი იყო ის, რომ 8-9 თვის განმავლობაში რეალური ცვლილება ვერ დავინახე. ჩვენ ვემსახურებოდით იმ დეკლარირებულ იდეებს, ეს იყო აბსოლუტურად სწორი, რაც მისაღებია ყველა ადამიანისთვის – რომ საქართველო უნდა იყო ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი, რომ პროგრესი უნდა მოხდეს და ა.შ", - განაცხადა იონათამიშვილმა.