"ნაციონალები" მერიის თანამშრომლებთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ

"ნაციონალები" თბილისის მერიის თანამშრომლებთან დაკავშირებით რუსთავის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საყვარელიძემ განაცხადა, ხელისუფლების ტერორი, თბილისის მერიის თანამშრომლების უკანონო დაპატიმრებები, რუსთავის სასამართლოში გაგრძელდა. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ფინანსური პოლიციის მიერ ჩადენილი უკანონობა, კერძოდ კი, მერიის თანამშრომლების უკანონო დაკავება პროკურატურას გამოეძიებინა, ხელისუფლებამ გამოიყენა თვალთმაქცური სამართლებრივი ხრიკი და საქმე პროკურატურის ნაცვლად ქვემო ქართლის ფინანსურ პოლიციას გადაეგზავნა. 

საყვარელიძის თქმით, შესაბამისად, გამართლდა "ნაციონალური მოძრაობის" საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს ხრიკი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, ქვემდებარების წესის შესაბამისად, საქმე განეხილა არა თბილისის, არამედ რუსთავის სასამართლოს.

"გვახსოვს რა ქუთაისის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონკრეტული მაგალითი, ალბათ, ხელისუფლებას რუსთავის სასამართლოს მოსამართლეზე ზეწოლის მეტი საშუალება ჰქონდა. შედეგმაც არ დააყოვნა, ფინანსური პოლიციის მიერ მერიის თანამშრომლების უკანონო, უპრეცედენტო დაკავება-გაშვების პოლიტიკა, სამწუხაროდ, რუსთავის მოსამართლემ მადონა მაისურაძემ გააგრძელა. აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების დროს მან მიიღო ორი გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავი უკანონო გადაწყვეტილება", - აღნიშნა საყვარელიძემ.

მისივე განცხადებით, პირველი გადაწყვეტილებით მოსამართლემ უკანონოდ მიიჩნია მერიის თანამშრომლების დაკავება და დარბაზიდან გაათავისუფლა ისინი, თუმცა ორსაათიანი შესვენების გამოცხადების შემდეგ, მიიღო სრულიად გაუგებარი და პირველის გამომრიცხავი გადაწყვეტილება წინასწარი პატიმრობის შეფარდების მოტივით და თავის მიერ გათავისუფლებული ბრალდებულები დარბაზშივე დააკავა.