პარლამენტში თავდაცვის კომიტეტის დახურული სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში თავდაცვის კომიტეტის დახურული სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურული სხდომა მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება , სხდომას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები ესწრებიან.

შეხვედრაზე განიხილავენ თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეომასალასა და სამეგრელოში, სამალავებში აღმოჩენილ წამების ამსახველ ვოდეოჩანაწერების შესახებ მიმდინარე გამოძიებას.
როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, სხდომის ბოლოს მოხდება ამ ვიდეოჩანაწერების ჩვენება.
"დღეს განვიხილავთ ორ უმნიშვნელოვანეს საკითხს და ამ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას. განხილვის შემდეგ მოხდება ვიდეო-ჩანაწერების ჩვენებაც. დეპუტატებს თავისი სურვილისამებრ შეეძლებათ მისი ნახვა. ეს ჩანაწერები ნახეს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. ამ მასალების მიმართ ინტერესი დეპუტატებსაც გააჩნიათ", - განაცხადა სესიაშვილმა.

პოლიტიკური ბოიკოტის გამო დღევანდელ სხდომას არ ესწრებიან უმცირესობის წარმომადგენლები. ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ეს არის ერთგვარი თავის არიდება იმ პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან, რაც ყოფილ ხელისუფლებას აქვს წამების ამსახველ ფაქტებთან დაკავშირებით.

"სრულიად გაუგებარია დღეს მათი აქ არყოფნა. თვითონვე ითხოვდნენ აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში საგამოძიებო კომისიის შექმნას. თუმცა, კომისია როგორ უნდა შეიქმნას, თუ პირველადი ინფორმაცია არ ექნებათ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და ყოფილ ხელისუფლებას ეკისრება ეს პასუხისმგებლობა", - განაცხადა სესიაშვილმა.