სექტემბრიდან საჯარო სკოლებში ხელფასი გაიზრდება

სექტემბრიდან საჯარო სკოლებში ხელფასი გაიზრდება

2013 წლის სექტემბრიდან, ეტაპობრივად ყველა საჯარო სკოლის დირექციას, ადმინისტრაციულ ტექნიკურ პერსონალს ხელფასი გაეზრდება, - შესაბამისი პროექტის პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ სანიკიძემ დღეს მასწავლებლის სახლში შეკრებილ თბილისის საჯარო სკოლების დირექტორებს წარუდგინეს.

სკოლის დირექციის, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასები საშუალოდ 40-45%-ით გაიზრდება. უფრო კონკრეტულად: საჯარო სკოლის დირექტორის საშუალო ხელფასი, რომელიც 460 ლარს შეადგენს, სექტემბრიდან 600 ლარს მიაღწევს, საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის საშუალო ხელფასი რომელიც ახლა 335 ლარია, სექტემრბიდან 400 ლარი გახდება, საჯარო სკოლის ბუღალტრის საშუალო ხელფასი 235 ლარიდან 320 ლარამდე გაიზრდება, საჯარო სკოლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის საშუალო ხელფასი 230 300 ლარამდე, საჯარო სკოლის დამლაგებლის საშუალო ხელფასი 115 ლარიდან 210 ლარამდე გაიზრდება. სკოლებში გაიზრდება ასევე მინიმალური თანამდებობრივი სარგო, რომელიც არ იქნება საარსებო მინიმუმზე ნაკლები და ამ ეტაპზე 150 ლარს მიაღწევს.

"იანვარში ჩვენ გავზარდეთ მასწავლებელთა ხელფასი, დღეს კი მოვახერხეთ ის, რომ სექტემბრიდან ადმინისტრაციის ხელფასიც გაიზრდება. იმედი გვაქვს, რომ ეს შეგიქმნით უფრო კარგ სამუშაო გარემოს და გაგიადვილებთ მძიმე ტვირთს, რომელსაც თქვენ ეწევით", - მიმართა მარგველაშვილმა საჯარო სკოლების დირექტორებს.