შაორის ტბაზე 3–ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა შეჩერდა

შაორის ტბაზე 3–ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა შეჩერდა

„კომერსანტის“ ინფორმაციით, შაორის ტბაზე 3–ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა შეჩერდა. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში რწმუნებულის მოადგილე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ინვესტორის მხრიდან პროექტზე უარის თქმის მიზეზი შესაძლოა ქვეყანაში არსებული არასტაბილური ვითარებაა.

როსტომ ცხვედიანის თქმით, მშენებლობა 2012 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროექტი გაუქმდა. მისივე ცნობით, დღეს კურორტით დაინტერესებული რეალური ინვესტორები არ ჩანან და შაორის ტბასთან ინფრასტრუქტურა მოწყობილი არ არის. რწმუნებულის მოადგილის შეფასებითვე, დაინტერესებული ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაშიც კი საეჭვოა რომ კურორტმა 2014 წლის სეზონზე მოახერხოს ტურისტული ინფრასტრუქტურის სრულყოფა.

შეგახსენებთ: საქართველოს პრეზიდენტმა 2012 წლის სექტემბერში შაორის ტბაზე ტურისტული კომპლექსის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. პროექტი , რომელიც 2013 წელს უნდა დასრულებულიყო, სასტუმროს, სანაოსნო პირსების, ველოსიპედის და საფეხმავლო ბილიკების, ასევე საცხენოსნო ტურიზმს და პლაჟის კეთილმოწყობას ითვალისწინებდა.